მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტების ეფექტის მილევისთვის ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ - მიხეილ კუკავა

6443acd0ecebe
მარიამ ვარადაშვილი
22.04.23 15:15
725
IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა ამბობს, რომ რუსი მიგრანტების ეკონომიკური ეფექტის შემცირებისთვის მთავრობა მუდმივად მზად უნდა იყოს. მისივე თქმით, საქართველოს შემდგომ წლებშიც სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამისთვის სერიოზული რეფორმების ჩატარებაა საჭირო.

“მიგრანტების ეფექტის მილევისთვის ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი დაშვება უნდა იყოს, რომ დღეს ან ხვალ მიილევა ეს ეფექტი. მხოლოდ ასეთი ქვეყნები აღწევენ შედეგს. ეკონომიკაზე შარშან საბაზო ეფექტი გვქონდა და ახლა სულ რომ დარჩნენ ეს ადამიანები საქართველოში ის ეკონომიკური ზრდა, რაც 2022 წელს გვქონდა ვეღარ გვექნება. ეს კი [მაღალი ეკონომიკური ზრდა] ძალიან სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ რუკაზე დარჩეს. ეგზიზტენციური პრობლემა გვიდგას, რომელსაც ვერ ვხედავთ. ამ ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც ქვეყნები ძალიან მალე ვითარდებიან ჩამორჩენილი და არამიმზიდველი ქვეყანა ვიქნებით თუ ხელშესახები ეკონომიკური ზრდა არ გვექნება. ამის პერსპექტივა არ ჩანს. თუ მთავრობა ამომრჩევლის შიშით არ გაატარეს მტკივნეულ რეფორმებს, ცხადია ვერ გვექნება ის ეკონომიკური ზრდა, რაც გვჭირდება. მაინცდამაინც ორნიშნა ზრდაზე არ ვსაუბრობ, ვგულისხმობ ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას. მთავრობა კარგი გაგებით თავისტკივილი უნდა იყოს ბიზნსესისთვის და ბაზრების დივესრიფირებაში უნდა შეუწყოს ხელი”,-ამბობს კუკავა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 3-ჯერ მეტია 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები