მიკრობანკების გაჩენა ქვეყანაში სესხის საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ მთავრობის სხდომაზე განხილულ პროექტი ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, რომელშიც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრობანკის კანონით განსაზღვრული მანდატი იქნება დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, რითაც გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - რეგიონებში.
„მიკრობანკები საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილები იქნებიან, რომელთაც სრულ ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს. სხვა ბანკებთან შედარებით მათ განსხვავებული რეგულირების ჩარჩო ექნებათ, თუმცა საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს შეასრულებენ.
თუ ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოცულობა 50 მლნ ლარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კი - 1 მლნ ლარი, მიკრობანკის შემთხვევაში ეს 10 მლნ ლარი იქნება. სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციები ბანკებთან შედარებით გამარტივებული იქნება. ეს დაფინანსების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან დაფინანსების ძირითადი სეგმენტი მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის წარმომადგენელები არიან.
შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიკრობანკის სტატუსის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამან აუცილებლად უნდა იქონიოს საპროცენტო განაკვეთებზე გავლენა, რადგან ერთი მხრივ, მათ იაფიანი რესურსი გაუჩნდებათ, მეორე მხრივ კი, კონკურენცია საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უზრუნველყოფს“, - განმარტა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება და მისი დამტკიცების შემდეგ, მისო-ებს სებ-ისთვის მიკრობანკის სტატუსის მისაღებად მიმართვა შეეძლებათ.