კვლევითი ორგანიზაცია PMC მიკროსაფინანსო სექტორის განახლებულ მიმოხილვას აქვეყნებს. კვლევა 2018 – 2022 წლების პერიოდს მოიცავს.
PMC-ის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი კვარტლიდან 2022 წლის ანალოგიურ პერიოდამდე ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 43-დან 38-მდე შემცირდა, თუმცა სექტორში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა 4,202-დან 4,246-მდე გაიზარდა.
2022 წლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საერთო ჯამში 1.64 მილიარდი ლარის ღირებულის აქტივებს ფლობენ, რაც 2021 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. იმავე პერიოდში მიკროსაფინანსოების ვალდებულებების მოცულობა 1.06 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აქტივების საერთო მოცულობის ზრდის მიზეზად ანალიტიკოსები კოვიდ-პანდემიას და ლომბარდულ სესხებზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებენ.
2021 წელს მიკროსაფინანსოების საერთო შემოსავალი 12%-ით, 373.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა, სექტორის მოგებამ კი 97.8 მილიონს მიაღწია. ამავე პერიოდში მოგების მარჟა 13 პროცენტული პუნქტით, 26%-მდე გაიზარდა.
PMC-ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების საერთო მოცულობა 1.32 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წლის მონაცემებით, პორტფელის საერთო მოცულობის დაახლოებით 50% ლომბარდულ სესხებზე მოდის.