მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერი ჯეიმს ქრაუნი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

649c139333228
გიორგი არონია
28.06.23 15:30
3801

სამოცდაათი წლის ამერიკელი მილიარდერი, ჯეიმს ქრაუნი ასპენის მოტოსპორტის პარკის სარბოლო ტრასაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, საკუთარ დაბადების დღეზე ემსხვერპლა. ბოლო წლებში, ჯეიმს ქრაუნი საოჯახო საინვესტიციო კომპანიის, Henry Crown & Company-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული კომპანია ჯეიმს ქრაუნის ბაბუის, ჰენრი ქრაუნის სახელს ატარებს, რომელმაც ბიზნესი ქვიშა-ღორღისა და ქვანახშირის გაყიდვით დაიწყო და საბოლოო ჯამში, მრავალმილიარდიანი იმპერია შექმნა. საოჯახო ბიზნესში გადმოსვლამდე, ჯეიმს ქრაუნი მრავალი წლის განმავლობაში JPMorgan Chase-ში, General Dynamics-სა და Sara Lee-ში მუშაობდა, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, ჯეიმს ქრაუნი ბარაკ ობამას ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო, რის გამოც, ობამას გაპრეზიდენტებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. მილიარდერმა ბარაკ ობამა 2003 წელს გაიცნო, როცა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ილინოისის სენატორობისთვის ბრძოლაში ჩართვას გეგმავდა. იმ დროს, კომენტატორები წერდნენ, რომ ობამას, რომელიც სამი წლით ადრე კონგრესისთვის ბრძოლაში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთ კანდიდატთან დამარცხდა, ორი ნაკლი ჰქონდა - ჩიკაგოელ ებრაელებთან სიახლოვისა და ფულის ნაკლებობა. ჯეიმს ქრაუნს კი, ორივე პრობლემის მოგვარება მარტივად შეეძლო და საბოლოოდ, ასეც მოხდა.

ამერიკული Forbes-ი ჯეიმს ქრაუნისა და მისი ოჯახის ქონებას $4.9 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით, ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ოჯახების რეიტინგში, ქრაუნები 34-ე ადგილს იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები