მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერი მიხეილ ლომთაძე Kaspi-ს მომხმარებელს მიმართავს

623041a87b10c
გიორგი თოლორდავა
15.03.22 15:19
1983
ყაზახური ფინტექკომპანია Kaspi-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ მომხმარებლის დამშვიდების მიზნით, საკუთარ Youtube-გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადება შეეხება “ყალბ ინფორმაციებს”, რომლებიც მისი თქმით ბანკის წინააღმდეგ ვრცელდება.

მიხეილ ლომთაძე აცხადებს, რომ მომხმარებელს შეუძლია, უნაღდო სავალუტო ოპერაციები შეუზღუდავად განახორციელოს, ხოლო უშუალოდ ნაღდი ფულით სავალუტო ოპერაციები შეფერხებულია, რადგანაც ყაზახეთში ნაღდი სახით ვალუტის დეფიციტია. ლომთაძე აღნიშნავს, რომ ყაზახეთის ცენტრალურ ბანკს ქვეყანაში ჩააქვს შესაბამისი მოცულობით ნაღდი ვალუტა, რათა დეფიციტი დასრულდეს. ამასთან, მიხეილ ლომთაძე ამბობს, რომ სხვა ბანკებისგან განსხვავებით, Kaspi სრულად კერძო ბანკია და არ უსარგებლია სახელმწიფოს “იაფი ფულით”.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც Kaspi-ს CEO შეეხო, არის ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილის კაირათ სატიბალდის დაკავება. ლომთაძე ამბობს, რომ სატიბალდის ბანკთან კავშირი 2018 წლამდე ჰქონდა, როდესაც ის ბანკის აქციონერი იყო, ამჟამად კი ბანკთან კავშირი არ აქვს.

“ჩვენო საყვარელო მომხმარებელო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება არასანდო ინფორმაცია Kaspi-ს შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით ვიღებთ შეკითხებს. მინდა, პირდაპირ გავაკეთო კომენტარი ამ მორიგ მოგონილ, იდიოტურ ჭორებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ჭორები იმის შესახებ, რომ ბანკიდან და Kaspi Gold-დან თანხის გამოტანა არ იქნება შესაძლებელი - ეს სრული სისულელეა.

მე kaspi-ს 2007 წლიდან ვუძღვები და აგერ უკვე 15 წელია პასუხისმგებელი ვარ Kaspi-ს საქმიანობასა და წარმატებაზე, ჩვენ ბევრი რამ გაგვიკეთებია ქვეყნისათვის და მომხმარებელსაც ვუყვარვართ.

გასაგებია, რომ ბევრ არაკეთილსინდისიერ და ცუდ ადამიანს შურს ჩვენი, ისინი აწყობენ პროვოკაციებს ავრცელებენ ტყუილებს და ცდილობენ ჩვენი რეპუტაციის შელახვას.

ჩვენ არასოდეს გვიღალატია და არც არასდროს ვუღალატებთ ჩვენს ძვირფას მომხმარებელს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვენდობა - ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ქვეყნის, ყაზახეთის მოქალაქეებისა და თითოეული ჩვენი მომხმარებლის კეთილდღეობაზე.

მეორე საკითხი ყაზახეთში ამერიკული დოლარის დეფიციტს ეხება. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე, რის გამოც გართულებულია ნაღდი ფულის მიღება ჩვეული მარშრუტებით. მაგალითად, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ საჰაერო ფრენებს გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ, ზოგიერთი რეისი კი საერთოდ უქმდება. ზუსტად იგივე ვითარებაა ნაღდი ფულის მიღებასთან დაკავშირებითაც.

ეროვნული ბანკი ამჟამად მუშაობს სატრანსპორტო კომპანიებთან, რათა შესაძლებელი გახდეს აშშ-დან ნაღდი ფულის პირდაპირ ჩამოტანა. ეს დროებითი დეფიციტია, რომელიც მხოლოდ ნაღდ ფულს ეხება და რომლის აღმოფხვრის პირობასაც ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში იძლევა. როგორც თქვენ ხედავთ, უნაღდო ანგარიშსწორებით ოპერაციები თითქმის ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მესამე საკითხი გასულ ღამეს კაირათ სატიბალდის დაკავებას ეხება. ჩვენს მომხმარებელს ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მტრები ამ ფაქტით ისარგებლებენ და ისევ შეეცდებიან ჩვენს შესახებ საშინელებების თქმას. ამიტომაც მინდა წინწსრებით გავაკეთო კომენტარი, სატიბალდი უკვე თითქმის ოთხი წელია არანაირ კავშირში აღარ არის Kaspi-სთან, ის მხოლოდ ცოტა ხნის განმავლობაში, 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო კომპანიის აქციონერი.

Kaspi-ს წარმატება, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის შრომის დამსახურებაა. ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს წვდომა იაფ ფულთან, არ განგვითავსებია დეპოზიტები სახელმწიფო კომპანიებში და ჩვენ საერთოდ არ ვიღებთ ფულს სახელმწიფოსგან. ყველა სერვისს, რომელსაც ქვეყნისთვის ვუშვებთ, ჩვენ უფასოდ ვაკეთებთ, საკუთარი რესურსებით, ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია აპლიკაცია Kaspi.kz, რომლითაც ბევრი ჩვენგანი სარგებლობს.
საბოლოოდ, მინდა მივმართო არაკელიმოსურვე და უბრალოდ ცუდ ადამიანებს, კმარა, ეს უაზრობა. Kaspi-ს შესახებ ტყუილის და ჭორების გავრცელებაზე დროის და ფულის ხარჯვას, სჯობდა, ქვეყნის კეთილდღეობაზე გეზრუნათ, დარწმუნებული ვარ, ამისთვის უფრო მეტ პატივს გცემდნენ,” - განაცხადა ლომთაძემ.

ამჟამად მიხეილ ლომთაძის ქონება Forbes-ის მიერ 1.8 მილიარდად არის შეფასებული. ერთი წლის წინ კი ეს თანხა 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ლომთაძის ქონების შემცირება Kaspi-ს აქციების კლებას უკავშირდება. Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ნოემბერში გავიდა და მაშინ ბანკის ერთი აქცია 41.5 დოლარი ღირდა. ბანკის აქციების მაქსიმალური ღირებულება 2021 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც ის 141.6 დოლარი ღირდა, თუმცა ჯერ ყაზახეთში არსებული კრიზისის, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ბანკის აქციების საფასური დაეცა და ამჟამად 41 დოლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები