დღეს საქართველოს მთავრობამ გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი განიხილა. ფინანსთა მინისტრის თქმით, პროცედურები, რომლებიც ახალი კანონპროექტით არის გათვალისწინებული, ქვეყანას Doing Business-ის რეიტინგში წინ წასწევს.
"ძალიან საინტერესო და ძალიან პროგრესული კანონია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კანონი იყო მზად, თუმცა ძირითადი განხეთქილების ვაშლი, იყო ორ კომპონენტზე: ერთი იყო, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ის, რომ აღსრულების ბიურო იყო მონაწილე გადახდისსუნარობის პროცესში და მას გადამწყვეტი ფუნქცია ჰქონდა. ამ პროცესში ზოგადად, გადამწყვეტი როლი ჰქონდა ამ სააგენტოს.
მეორე მხრივ, როდესაც დგებოდა აქტივების განაწილების საკითხი. რიგითობაში შემოსავლების სამსახურს ჰქონდა პრიორიტეტი ამ რიგში.
ჩვენ გავითვალისწინეთ საუკეთესო პრაქტიკები და დავახარისხეთ ქვეყნები იმ ჯგუფებად, სადაც არის ყველაზე ლიბერალური და პრობიზნესური. ბევრი მოლაპარაკების შედეგად ორივემ დავთმეთ ეს პოზიცია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით ინტერესები გაიწიოს მეორე პლანზე. ჩვენ ჩვენი თავი დავიყენეთ ჩვეულებრივი კრედიტორის რიგში.
იცით, რომ Doing Business-ის რეიტინგში ვართ მეშვიდე ადგილზე, იქ გადახდისუუნარობის რეიტინგში არასახარბიელო პოზიციაზე ვიყავით, 60-ის მიდამოებში, 64-ე ადგილზე ვიყავით. ამ ცვლილების შედეგად, ჩვენ წესით პირველ ათეულში უნდა მოვხდეთ ამ კრიტერიუმში, ეს კი თავისმხრივ იმოქმედებს მთლიანად,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი გადახდისუუნარობის კანონის შესახებ.