"ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2024 წლისთვის ვაპირებთ ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას, შესაბამისად, საქართველოც იზიარებს ამ პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის, ჩვენ უპირობოდ უნდა შევამციროთ სათბურ აირების ემისია", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.
დავითაშვილის თქმით, საქართველო მზად არის და ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ შევუერთდეთ მწვანე შეთანხმებას და გავხდეთ კარბონეიტრალური ქვეყანა.
"თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დონორებთან ერთად გვექნება ბევრი სამუშაო. საბოლოოდ, როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია. 7 დარგის მიხედვით, განსაზღვრულია თანამედროვე გონივრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ეკონომიკური განვითარება იყოს მდგრადი, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედება იყოს მინიმალური. სატყეო სექტორის განვითარებით, ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით ჩვენ უნდა მოვახერხოთ კლიმატის ცვლილების შერბილება, რაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - განაცხადა მინისტრმა.