მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინუსშია აბსოლუტურად ყველა ობიექტი - M Group-ის საოპერაციო დირექტორი

5f255ceb9e4fe
თამთა ჯიჯავაძე
02.08.20 11:00
1297
მინუსშია აბსოლუტურად ყველა ობიექტი, ვცდილობთ კიდევ უფრო მოვახდინოთ ხარჯების მინიმიზაცია, – ამის შესახებ bm.ge-ს M Group-ის საოპერაციო დირექტორმა გიორგი მურჯიკნელმა განუცხადა. მისი თქმით, ქსელის რესტორნების დატვირთულობა მინუს 70%-ია.

„სამწუხაროდ, მოგვიწია რაღაც დონეზე თანამშრომლების გადაყვანა მოლოდინის რეჟიმში. იმიტომ, რომ დატვირთულობა მინუს 70%-ია და ის შემადგენლობა, რაც შარშან გვყავდა, ამ სეზონზე აღარ დაგვჭირდა.

ჩვენი ობიექტები შარშან ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტულ ჯგუფებს მასპინძლობდა, ეს ის 70%-ია, რომელიც აქტიურ სეზონზე – აპრილიდან მოყოლებული ნოემბრამდე ავსებდა ჩვენს ბიუჯეტს და უზრუნველყოფდა მუშაობას. თავისთავად ცხადია, ეს ნაკადი აღარ გვყავს და შედეგიც შესაბამისია“, – აღნიშნა გიორგი მურჯიკნელმა.

როგორც მან განაცხადა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და რესტორნების გახსნის შემდეგ მათ მოლოდინი შედარებით უკეთესი ჰქონდათ, მაგრამ დღევანდელი რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

„მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბიზნესი, არ დავკეტოთ და ვცდილობთ, რომ მოძრაობა იყოს და სტუმრების წახალისება გავაკეთოთ, გვაქვს ხშირად აქციები“, – აღნიშნა M Group-ის საოპერაციო დირექტორმა.

მისივე თქმით, ამჟამად შედარებით უფრო ჰყავთ ვიზიტორები, რადგან ზაფხულია და ხალხი განწყობილია დასვენებასა და გართობაზე, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ შემოდგომაზე სიტუაცია ნაკლებად შეიცვლება უკეთესობისკენ.

„ვხვდებით, რომ საქართველოში ტურიზმის აქტიური სეზონი ზამთრამდე დაიკეტება. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, იმიტომ, რომ მოიმატებს ფასები პროდუქტებზე, ზამთარში ყველა მიმართულებით ფასები მოგეხსენებათ იზრდება. შესაბამისად ეს რეალობა კიდევ უარესად აისახება ჩვენს ბიზნესზე.

ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო იკლებს ნაკადები, მითუმეტეს შემოდგომაზე, როდესაც აგრილდება, ღია სივრცეები დაიკეტება“, – განაცხადა გიორგი მურჯიკნელმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ საზღვრები გაიხსნება და საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა რაღაც დონეზე აღდგება, სიტუაცია შედარებით უფრო შემსუბუქდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები