მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივესალმებით, თუ ვაქცინაცია რესტორნებისთვის სავალდებულო გახდება- "ბარბარესთან"

606f3cba3242b
თათია ჩაფიჩაძე
08.04.21 21:20
2113
რა იგულისხმება უსაფრთხო რესტორნის კონცეფციის ქვეშ სარეტორნო ბიზნესისთვის ჯერ უცნობია, თუმცა „ბარბარესთან“ გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი ამბობს, რომ თუ ეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მოიაზრებს, ბიზნესისთვის მისაღები იქნება.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ქურასბედიანმა განაცხადა, სექტორს წინასააღდგომოდ დახურვის მოლოდინი აქვს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვები მცირე დროის განმავლობაში იქნება ძალაში.

„რთული პერიოდი გამოვიარეთ, 1 წელი გავიდა, რაც ამ კაბალური პირობებით გვიწევს სარესტორნო ბიზნესის გადარჩენა. ახლა ნელ-ნელა დავიწყეთ მუშაობა და რეალურად ყველაზე აქტიური ფაზა იწყება. ვფიქრობ, რომ ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ არ გვინდა, ისევ იმ შედეგებამდე მივიდეთ, რაც გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, შეზღუდვები აუცილებლად უნდა არსებობდეს და ის ყველას მხრიდან უნდა იყოს დაცული. ამის კიდევ დამძიმება შეიძლება მოხდეს რაღაცა პერიოდით, თუ ამას შედეგები მოითხოვს.

თუ აღდგომის პერიოდს განვიხილავთ, ჩვენს სფეროს აქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც სიმკაცრე ისევ შემოვა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და ისეთივე მტკივნეული, როგორიც მანამდე იყო. ეს არ უნდა იყოს ერთ და ორთვიანი, რაც რეალურად ბიზნესს კიდევ უფრო გააკოტრებს, ბევრ ბიზნესმენს გაიყვანს ბაზრიდან და უამრავ ადამიანს ისევ უმუშევრად დატოვებს. საჭიროა ძალიან ფაქიზი მოპყრობა და ხელშეწყობა სექტორის.

დანამდვილებით არ ვიცი, რა იგულისხმება უსაფრთხო რესტორნის ქვეშ, ალბათ აპირებენ, რომ დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა, ვაქცინაცია ჩვენი სფეროსთვის შეიძლება სავალდებულო გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. ამას მივესალმებით, თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი გადარჩეს და განვითარდეს, თუმცა რას ნიშნავს და კონკრეტულად რაზე გვესაუბრებიან, ჩვენამდე ჯერ ეს ინფორმაცია არავის მოუტანია.

რაც შეეხება შემოწმებას, შემოწმება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. პირველი ჩაკეტვის შემდეგ გახსნისგან განსხვავებით, მეორე ეტაპზე სტუმრების ქცევაც შეცვლილია. მათ წესები უკეთ აქვთ გააზრებული და ქცევაც შესაბამისია. გარდა ამისა, ვაქცინაციაც დაწყებულია ბევრგან და ჩამოდიან ეს ადამიანები, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის კარგია. უფრო კარგი შედეგებია, ვიდრე მოველოდით და ეს რომ წყალში არ ჩაიყაროს, ამისთვის საჭიროა სწორი მართვა და არა ძალიან ხისტი, რომ ზაფხულიდან დაწყებული 2021 წლის დასასრულამდე და მომდევნო წლებშიც ბიზნესს მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება“, - განაცხადა ქურასბედიანმა.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ ბიზნესისთვის ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო, მთვრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმროს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს, რაც ვაქცინირებული პირებისათვის შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების სივრცეს გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები