„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ახალი ფაზა დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმი შენარჩუნდება სისტემური რეგისტრაციისთვის, ხოლო სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდება.
სრულყოფილი საკადასტრო მონაცემების შექმნისთვის მომდევნო 3 წლიან პერიოდში სისტემური წესით 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა უნდა დარეგისტრირდეს. მისი განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსება კი მომდევნო 3 წლის განმავლობაში 119 მლნ 783 455 ლარია, მათ შორის არის იბიარდის მიერ კრედიტის ფარგლებში გამოყოფილი 15 000 000 ლარი.
პროექტის ფარგლებში 1 047 თანამშრომელს დასაქმება იგეგმება, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი სამი წლის განმავლობაში 71 250 960 ლარის ოდენობით განისაზღვრება, მათ შორის: 465 ამზომველი სახელფასო ფონდით 32 864 520 ლარს მიიღებს, მათგან 300 ამზომველი რეფორმის ფარგლებში სწორედ ახლა დასაქმდა.
პროექტის ეფექტიანად და რაციონალურად წარმართვის მიზნით აუცილებელ პირობად მოიაზრება მატერიალური რესურსების, არაფინანსური აქტივების შეძენა, რისთვისაც გამოყოფილი ბიუჯეტი 15 096 095 ლარი იქნება. საუბარია გეოდეზიურ ხესაწყოებზე, მაღალი გამავლობის ავტომობილებზე, ტაბლეტ კომპიუტერებზე და დრონებზე. აღნიშნული აქტივების შეძენა დაგეგმილია მიმდინარე წელს. ჯამში 3 წლის განმავლობაში საოპერაციო ხარჯებისთვის 33 436 400 ლარია გათვალისწინებული.
მიწის რეფორმა 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა და ის ორი მიმართულებით -სპორადული და სისტემური წესით მიმდინარეობდა.
რეფორმის დაწყებიდან მეექვსე წელს წარმატებით დასრულებული განაცხადების რაოდენობა 1 მილიონ 113 ათასზე მეტია, ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ტყის ფონდის გამოკლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში დაახლოებით 2 582 000 ჰა-ზე მეტია.
ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია გორში, საუბარია 64 130 განაცხადზე, რომელსაც მოჰყვება საჩხერე, ზესტაფონი და ჭიათურა.
თბილისში რეგისტრირებული მიწების საერთო რაოდნეობა 13 258-ს შეადგენს და საერთო რაოდენობის 1,2%-ია. დედაქალაქთან ერთად ყველაზე ნაკლებად აქტიურ მუნიციპალიტეტებს შორის არის ცაგერი, თიანეთი და ხონი.
რაც შეეხება სისტემური წესით რეგისტრირებულ ნაკვეთებს, საპილოტო პროექტის ფარგლებში განსაზღვრულ 12 გეოგრაფიულ არეალში ამ დროისთვის დარეგისტრირდა 44 000-მდე მიწის ნაკვეთზე (79 362 ჰექტრამდე);
2020 წლის ზაფხულში დაიწყო და 2021 წლის თებერვლის ჩათვლით დასრულდა მიწის სისტემური რეგისტრაცია ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 7 მაღალმთიან დასახლებაში. აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალებში რეგისტრირებულია 9 390-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 83 000 ჰა-ზე მეტია;
სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის იმ 28 ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა–რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სისტემური რეგისტრაციის პროცესში დარეგისტრირდება/დაზუსტდება 100 000-მდე მიწის ნაკვეთი;
2021 წლის აპრილიდან დაიწყო სისტემური რეგისტრაცია საგარეჯოს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშიც, სადაც, დაახლოებით 68 800 მიწის ნაკვეთი დაზუსტდება.