მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის საჭიროების გამო, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება

6139ec7185630
ინგა მურუსიძე
09.09.21 22:00
923
მიწისქვეშა გაზსაცავის მიმდინარე პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მოამზადებს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებულ საორიენტაციო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც მოიცავს კანონპროექტებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, თემატური სამინისტროები მოამზადებენ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა მოამზადოს, მოიცავს ცვლილებებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საორიენტაციო გეგმაში საკანონმდებლო პაკეტის მიღების მთავარ მიზეზად განმარტებაა მოყვანილი. „დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობით დარეგულირებულია მხოლოდ სალიცენზიო ბლოკის ფართობის ფარგლებში მოპოვებული ნავთობისა და გაზის შესანახი ინფრასტრუქტურის შესაბამის ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობის საკითხი.

შესაბამისად, ინიციატივა მიზნად ისახავს სალიცენზიო ბლოკის ფართობს გარეთ მოპოვებული გაზის შესანახად განკუთვნილი მიწისქვეშა გაზსაცავის (რა დანიშნულებაც ექნება ზემოხსენებულ გაზსაცავის პროექტს) მშენებლობისა და ოპერირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნას“, - ნათქვამია გეგმაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მანამდე იყო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც პროექტის მიზნობრიობას მოიცავდა. ამის შემდეგ იყო არაერთი დაანონსება იმასთან დაკავშირებით, თუ როდიდან დაიწყება (2018 წელს, 2019 წელს, 2020 წელს) და როდის ჩაეშვება ექსპლუატაციაში გაზსაცავი, თუმცა ბოლოს საკითხზე საუბარი საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს შედგა, როცა გადაწყდა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს KfW-სა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების ფარგლებში, რაც გაზსაცავის მშენებლობას ითვალისწინებდა, 150 მლნ ევროდან 120 მლნ კოვიდის სამართავად გადამისამართდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2020 წლის სექტემბერში გამართული მსჯელობის დროს ირწმუნებოდა, რომ თანხის გადამისამართებით, პროექტის განხორციელებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები