მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწისქვეშა მტკნარი წყლის ჩამოსხმისთვის დაწესებული და გადაუხდელი მოსაკრებლები, შესაძლოა, ჩამოიწეროს

64590a9101b8a
BM.GE
08.05.23 19:00
764
პარლამენტში დარეგისტრირდა ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე დაკისრებულ და გადაუხდელ მოსაკრებლებს, ასევე მასთან დაკავშირებულ ჯარიმა-საურავებს ჩამოწერს.

ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ არის ინიცირებული.

საკანონმდებლო ინიციატივას თან ახლავს განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმადაც აღნიშნული ჯარიმები ძირითადად ფიზიკურ პირ ლიცენზიანტებზეა დაკისრებული, რომლებსაც სათანადო რეგისტრაცია, სათანადო ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ და არ გააჩნდათ შესაბამისი ინფორმაცია და ცოდნა მათი მოვალეობების და უფლებების შესახებ.

განმარტებით ბარათში არ არის წარდგენილი რამდენ ლიცენზიანტზეა საუბარი, ასევე არაა წარდგენილი რა თანხის მოსაკრებელი და ჯარიმები უნდა გადაეხადათ მათ. თუმცა, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ძირითად შემთხვევებში ამ ლიცენზიანტებს რესურსების ათვისების გეგმაც კი არ ჰქონდათ დამტკიცებული და ლიცენზიების გასხვისება ერთი ფიზიკური პირიდან სხვა ფიზიკურ პირებზე ათვისების გეგმის გარეშე ხდებოდა.

“ამასთან, გასათვალისწინებელია COVID-19 ზეგავლენა, რომლის პირობებშიც შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის წარმოება და ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება კიდევ უფრო გართულდა.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით პირებს მოქმედი ბიზნესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ გააჩნიათ, ვინაიდან აღარ ფლობენ საქმიანობის ლიცენზიას (რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან/და გაუქმებას) მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია.

თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები