მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მიზეზი, რის გამოც “მაგთიმ” აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო, MVNO-ს სავალდებულო დანერგვას უკავშირდებოდა”

ლევან გიორგაძე

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “მაგთის” იურისტმა ლევან გიორგაძემ ის მიზეზები განმარტა, რომელთა გამოც “მაგთიმ” კომუნიკაციების კომისიის მიერ 5G ინტერნეტის აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო. გიორგაძის განმარტებით, მთავარი მიზეზი იყო ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ არსებული ჩანაწერი.

ამასთან, ლევან გიორგაძე აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, როდესაც განაცხადეს, რომ ოპერატორების შენიშვნები გაითვალისწინეს, რადგანაც თუკი ეს მართლა ასე იქნებოდა, მაშინ “მაგთი” აუქციონში მონაწილეობას მიიღებდა.

“ძირითადი მიზეზი რის გამოც “მაგთიმ” არ მიიღო მონაწილეობა აუქციონში, უკავშირდებოდა ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დანერგვას. ჩვენ ყველგან ცალსახად დავაფიქსირეთ, რომ თუ ეს პირობა იქნებოდა, კომპანია არ მიიღებდა მონაწილეობას აუქციონში და ეს იქნებოდა მისთვის ბარიერი. ამის საპირისპიროდ კომისიამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ თითქოს ყველა პირობა გაითვალისწინა და ჩვენ მაინც არ მივიღეთ მონაწილეობა აუქციონში. ეს განცხადება ალოგიკურად გამოიყურება იმიტომ რომ ბიზნესის წარმომადგენლები ვართ და თუკი არის რაიმე მოთხოვნა და ხდება მისი დაკმაყოფილება, მივყვებით და მას ვაკეთებთ.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ MVNO-ს წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ბიზნეს-პარტნიორობაზე დაფუძნებული და ორივე მხარისთვის სასარგებლო. თუ MVNO იქნება დაძალებითი, იძულებითი, ჩაერევა მესამე მხარე და ეს ჩარევა იქნება არაკვალიფიციური და ტენდენციური, ასეთ შემთხვევაში MVNO უკვე პრობლემაა.

ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის საკითხს შევეხები. კომპანიას უნდა შეეძლოს გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებული სიხშირეები ისე როგორც მას სურს. კანონი განსაზღვარვს ამ პრინციპს იმ შემთხვევაში თუკი ტექნოლოგია არ ზღუდავს მას. აუქციონის პირობებში იყო დათქმა, რომ სიხშირებთან დაკავშირებით ეს შეზღუდულია და ეს იყო პრობლემა,”- განაცხადა ლევან გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები