პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამის გამო მმართველი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ამ პროცესში ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, თუმცა პროცედურას მაინც იწყებენ. იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3.
საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და ერთი თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.
თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება, ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება. მომზადდება წარდგინება და იცით, რომ 50 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ ეს წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს გაეგზავნოს. ეს მალე მოხდება და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სამართლებრივი დასკვნა მოამზადოს და პარლამენტს მიაწოდოს. იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის რომ სამართლებრივად საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან უკვე პარლამენტში იქნება კენჭისყრა იმპიჩმენტზე. მესმის ოპოზიციის კომენტარები რომ არ აპირებენ მხარი დაუჭირონ, თუმცა იქნება კენჭისყრა და მაშინ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება. ოპოზიცია, რომელიც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ მოლოდინი იმის, რომ ისინი კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგებიან, არ გვაქვს”,- ამბობს პაპუაშვილი.