მოცვის მწარმოებელი კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე სოციალურ ქსელში ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კონკრეტულად კი რუსეთში, მოცვის რეალიზაციის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე პოსტს აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ძვირადღირებული და მალფუჭებადი პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე გატანა ვერ ხერხდება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე, მათ შორის მოცვზე რუსეთი კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს.
„მეგობრებო, რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, რამაც ქართული პროდუქტის, კონკრეტულად ლურჯი მოცვის, ატმის და ვაშლატამას რეალიზაციაში პრობლემები გამოიწვია.
როგორც იცით, ლურჯი მოცვის ექსპორტის 90% რუსეთის ბაზარზეა მიბმული, რადგან „გლობალ გეპის“ სტანდარტის სერტიფიკატი მხოლოდ ცალკეულ მწარმოებლებს გვაქვს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად აუცილებელი მოთხოვნაა.
ექსპორტიორებმა, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის მიმართულებით, დროებით გააჩერეს შესყიდვები და ასევე სამაცივრე მეურნეობებმა მოსავლის შესყიდვა.
ყოველდღიურად ჩემი თანამშრომლები ლურჯი მოცვის მწარმოებლებისგან უამრავ ზარს იღებენ, ვინაიდან საქმე ეხება მაღალი ღირებულების მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც მოითხოვს უსწრაფეს კრეფვის შემდგომ მენეჯმენტს, შესანახი ინფრასტრუქტურის არარსებობაც ზრდის ზარალის რისკს და ასევე პანიკის დონეს“, - წერს ეკატერინე ვეფხვაძე.
„აგრითაჩის“ დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ დარგის წარმომადგენლები სრულ პანიკაში არიან.
„ადამიანები პანიკაში არიან, კრეფენ მოსავალს, ვერსად მიაქვთ, ვერ ასაწყობებენ... ეს ყველაფერი კი ინფორმაციის ვაკუუმითაა გამოწვეული. სრული პანიკაა“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მეწარმე და პარალელურად გიორგი გახარიას გუნდის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ეკატერინე ვეფხვაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს კითხვებით მიმართავს: „იმედს ვიტოვებ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, ამ საკითხში სიცხადეს შეიტანენ და აგვიხსნიან რასთან გვაქვს საქმე... დეზინფორმაცია/ცრუ განგაშთან თუ რეალურ პრობლემასთან? და თუ რეალურად დგას ეს პრობლემა, რა არის ჩვენი სამოქმედო გეგმა ამ შემთხვევაში?“,- წერს ეკა ვეფხვაძე.
BM.GE თემის მოკვლევას აგრძელებს და სიახლეებს ამ მიმართულებით შემოგთავაზებთ.