მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოგზაურობის აკრძალვა თავდაცვის ილუზიაა” - ექსპერტები "ომიკრონის" შტამზე

61a74e05092b9
თათია კაკიაშვილი
01.12.21 22:19
757
კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" პოტენციური გავლენის თავიდან ასარიდებლად, მთავრობები ახალ სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ. თუმცა ეს შეზღუდვები ამჯერად რიგი ოფიციალური პირების და სამედიცინო ექსპერტების კრიტიკის საგანია - ისინი ახალ შეზღუდვებს არაეფექტიანს და ეკონომიკისთვის პოტენციურად საზიანოს უწოდებენ. უფრო მეტიც - ექსპერტების ნაწილის თქმით, მოგზაურობის აკრძალვა “თავდაცვის ილუზიაა”, რომლის იმედიც როგორც მთავრობებს, ისე - მოსახლეობას ფუჭად აქვს.

CNN-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში აფრიკის რეგიონულ ოფისს მოუწოდა, რომ ქვეყნის საზღვრები ღია დარჩეს იმის მიუხედავად, რომ ახალი შტამი სათავეს სწორედ სამხრეთ აფრიკიდან იღებს. სანაცვლოდ, ჯანმო-ს რეკომენდაციაა, ქვეყნებმა მიიღონ რისკზე დაფუძნებული მეცნიერული მიდგომა და ზომები, რომლებიც "ომიკრონის" შტამის შესაძლო გავრცელებას შეზღუდავს. ითქვა ისიც, რომ მართალია, მოგზაურობის შეზღუდვებმა შესაძლოა, ვირუსის გავრცელება ოდნავ შეამციროს, თუმცა ეკონომიკას და საზოგადოების საარსებო წყაროს „მძიმე შედეგებს მოუტანს’’. ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ მოგზაურობის შეზღუდვამ შესაძლოა, ახალი ვარიანტის გავრცელება მხოლოდ რამდენიმე კვირით გადადოს.

ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვა დააწესა აშშ-მა. ეს გადაწყვეტილება კი ეკონომისტების შეფასებით, სოლიდარობის ცუდი მაგალითია, რადგან “მაინც არ არსებობს რკინის ფარდა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე კორონავირუსის სხვადასხვა, ახალი შტამის გავრცელებას შეაჩერებს”. შესაბამისად, ეკონომისტები შტატების ამ სტრატეგიაში რიგ ხვრელებს ხედავენ და მაგალითად მოჰყავთ თავდაპირველად ვირუსის ჩინეთიდან გავრცელების შეჩერების მცდელობა, რომელმაც, კვლევების მიხედვით, COVID 19-ის ამერიკაში ჩაღწევა მხოლოდ 3-5 დღით გადადო. სანაცვლოდ, ჯანდაცვის ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ საერთაშორისო მოგზაურობის დროს ვირუსისგან თავდაცვის საშუალებებად უკვე ტრადიციად ქცეული რეგულაციები: სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება, ხელების ხშირი დაბანა და, რაც მთავარია, ვაქცინაცია სახელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ იმასაც, რომ სამხრეთ აფრიკა დღეს არათუ კრიტიკის და სამოგზაურო აკრძალვების ობიექტი უნდა იყოს, არამედ პირიქით - მსოფლიოს დანარჩენმა ნაწილმა მას მადლობა უნდა გადაუხაროს ვირუსის ახალი შტამის აღმოჩენისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები