მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - კახა ბექაური NEQSOL-ზე

60d34f3667131
BM.GE
23.06.21 19:10
574
დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა ინტერვიუ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან, სადაც ბექაური აზერბაიჯანულ ჰოლდინგ NEQSOL-თან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს. საქმე NEQSOL-ის მიერ "კავკასუს ონლაინის" მშობელი კომპანიის 100%-იანი წილის შეძენას ეხება. კომისია მიიჩნევს, რომ ეს გარიგება უკანონო იყო, რადანაც ის მათთან წინასწარ არ შეთანხმებულა. ამას არ ეთანხება თავად NEQSOL-ი, რომელიც აცხადებს, რომ გარიგება საქართველოს იურისდიქციის გარეთ დაიდო და მას კომისიის თანხმობა არ სჭირდებოდა, ხოლო მაშინდელი მთავრობა კი პროცესის საქმის კურსში იყო. გასულ წელს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის ძალითაც კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი NEQSOL-ი კომპანიის მართვას ჩამოაშორა. ამას NEQSOL-ის დამფუძნებლის ნასიბ ჰასანოვისს მიერ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართა მოყვა.

დღევანდელ ინტერვიუში კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ამ გარიგებას საქართველოსთვის საფრთხეების მოტანა შეუძლია, რადგან “ციფრული აბრეშუმის გზის” იმ პროექტს, რომლის განხორციელებასაც NEQSOL-ი გეგმავს ბექაურის აზრით, “ეროვნული ინტერესების შელახვა” შეუძლია. ამასთანავე, კახა ბექაური აცხადებს, რომ NEQSOL-მა საერთაშირისო არბიტრაჟში სარჩელი შეაჩერა. 

“რადგან რისკები არსებობს, კანონიც ამიტომ მოითხოვს წინასწარ თანხმობას. კანონის მოთხოვნა არ შესრულდა და ჩვენ არ მოგვეცა საშუალება წინასწარ, როგორც ამას კანონი მოითხოვს, სრულყოფილად გამოგვეკვლია, რა გავლენას მოახდენდა ასეთი ტრანზაქცია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ეკონომიკასა და საინფორმაციო უსაფრთხოებაზე.

ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელებაში, როგორც საქართველოს, ისე ჩვენი მეზობელი ქვეყნების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ პროექტში ყველა უნდა იყოს ჩართული. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ამ პროექტში აქვს ბუნებრივი უპირატესობა, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების პროცესში, არ უნდა იქნას ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს შელახავს. დღევანდელი მდგომარეობით არის რისკი, რომ უკანონო გაყიდვის ფონზე, საქართველო ამ პროექტში გახდეს რიგითი მოთამაშე, პროცესზე დამკვირვებელი და აღარ ეკავოს წამყვანი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, ყველას ინტერესის გათვალისწინება გვინდა და ამას გავაკეთებთ კიდეც, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს მეორე მხარის მიერაც.”

- კომისიის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით თქვით, რომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელმა ნასიბ ჰასანოვმა მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები?

“ამ თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად არის. არსებობს წინაპირობები, რომ ურთიერთშეთანხმება მოხდეს. პოზიტიური ნაბიჯი იყო, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ საერთაშორისო არბიტრაჟში შეაჩერა პროცესი. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ეს მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დასრულდეს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვფიქრობ, რომ როგორც ბევრ სხვა საკითხში, წლების განმავლობაში გვქონია წარმატებული თანამშრომლობა, აქაც ვიპოვით გამოსავალს და მნიშვნელოვან ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს ერთად განვახორციელებთ ისე, რომ არც ერთი ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს,”- აცხადებს კახა ბექაური.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მხარეთა შორის მოლაპარაკებები და დასრულდება თუ არა "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მართვის რეჟიმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები