გამოცემა Project Syndicate-ი აქვეყნებს მილიარდერ ჯორჯ სოროსის Op-ed-ს სათაურით “ბრძოლა ჩვენი სიცოცხლისთვის”, რომელშიც სოროსი რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე, გლობალურად შეცვლილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. ტექსტში “ღია საზოგადოების ფონდის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მისი გაფართოებისთვის და ახალი წევრების შეერთებისთვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და არამხოლოდ უკრაინას, არამედ მოლდოვას, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც მიანიჭოს კანდიდატობის სტატუსი.
„არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების დამუშავებას დრო დასჭირდება, მაგრამ ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიდის. მან უკრაინაში შეჭრას უპასუხა უფრო დიდი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ყოყმანის დაწყების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ასევე, იპოვა ძლიერი პროევროპული ხმა“, - წერს ჯორჯ სოროსი.
ჯორჯ სოროსმა ანალოგიური სიტყვა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც წაიკითხა, თუმცა უშუალოდ გამართულ მიღებაზე წაკითხულ ტექსტში ფრაზა საქართველოსთვის წევრის სტატუსის მინიჭებაზე არ უთქვამს.