მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ 5 წელიწადში, ხელოვნური ინტელექტი სამსახურების მეოთხედს შეცვლის - WEF

6450d57d0db54
გიორგი არონია
02.05.23 23:55
1787

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გლობალურად არსებული ყოველი მეოთხე სამსახური შეიცვლება და ამ ცვლილებას ადამიანები ყველაზე მეტად მიწოდებისა და ტრანსპორტირების, მედიის, გართობისა და სპორტის ინდუსტრიებში იგრძნობენ, - ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

ორგანიზაციის შეფასებით, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება, 83 მილიონი კი - გაქრება. საბოლოო ჯამში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 14 მილიონი სამუშაო ადგილის, ანუ გლობალური სამუშაო ძალის 2%-ის გაქრობას ვარაუდობს.

სამუშაო ძალის დიდი გადალაგების მთავარ მიზეზებს შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას, EშG-სტანდარტების შემოღებას და მიწოდების ჯაჭვების ლოკალიზებას ასახელებს. სამსახურების გაქრობის მთავარ მიზეზებს შორის კი, მაღალ ინფლაციას, შემცირებულ ეკონომიკურ ზრდას და მიწოდების პრობლემებს ვხვდებით. ამასთან, სამუშაო ძალის დინამიკის ცვლილებაში ყველაზე დიდი როლი ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და გაციფრულებას აქვს, თანაც ეს ტრენდი მზარდია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოკითხული 803 კომპანიის 75%-ზე მეტი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, პროცესებში დიდი მონაცემების, ქლაუდ-ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას გეგმავს.

მაკროტრენდებთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ის სამუშაო ადგილებიც დაასახელა, რომლებიც, ერთი მხრივ, ტექნოლოგიური განვითარების მიმართ ყველაზე მოწყვლადია და მეორე მხრივ, პირიქით, ისინი, რომლებსაც ტექნოლოგიური განვითარება გზას გაუხსნის. მოწყვლად სამსახურებს შორის ვხვდებით საბანკო, საფოსტო და საბუღალტრო კლერკებს და მოლარეებს, მონაცემთა შეყვანაზე პასუხისმგებელ პირებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და კარდაკარ მოვაჭრეებს. ყველაზე სწრაფად მზარდ პროფესიებს შორის კი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის სპეციალისტებს, მდგრადობის საკითხებში ექსპერტებს, ბიზნესის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიტიკოსებს, ფინტექის ექსპერტებს და სხვადასხვა ტიპის ინჟინრებს ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები