რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა თვლის, რომ მომავალი წლისთვის რუსეთში ახალი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ფული აღარ იქნება და ამ მდგომარეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ოლიგარქმა კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობისას განაცხადა.
ფორუმზე დასმულ კითხვას, რომელიც ციმბირის ოლქში ახალი პროექტების განხორციელების საჭირო ზომებს შეეხებოდა, ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ბიზნესგარემო უნდა იყოს სტაბილური და განჭვრეტადი. დერიპასკას შეფასებით, მეწარმე ერთადერთი სუბიექტია, რომელიც მომდევნო 25 წლის განმავლობაში ქვეყანას გადაარჩენს.
„ჩვენ არჩევანი არ გვაქვს... მომავალი წლისთვის ფული აღარ იქნება, საჭირო იქნება უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც იმას დააკვირდებიან - როგორ აკეთებს ფულს რუსი ინვესტორი და რა პირობებში უწევს მას ოპერირება. ეს უნდა გავიგოთ. თუ ამ პირობებს არ შევქმნით და ჩვენი ბაზრის მიმზიდველობას არ უზრუნველვყოფთ, დარწმუნებული ვარ, 2033 წელსაც ასე ვიოცნებებთ და იგივე სიტყვებს გავიმეორებთ.
ვფიქრობ, უნდა ვცადოთ, რადგან მეგობრულ ბაზრებზე მოთხოვნა არის და ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია გლობალურ 33 მლრდ-იან მშპ-ს მივწვდეთ, რაც 4.5-მლრდ-იან მოსახლეობას გულისხმობს და ამაზე უარს ვერ ვიტყვით. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და განჭვრეტადობა. თუ პრობლემებიდან გამომდინარე, თამაშის წესებს ყოველწლიურად შევცვლით, არავინ დაგვიჯერებს არც რუსი მეწარმეები და არც უცხოელები“, - განაცხადა ოლიგარქმა და დასძინა „თუ არ გადავეწყობით, ჩვენ ვერ მოვიზიდავთ უცხოელ ინვესტორებს, თუ არ გვეყოლება უცხოელი ინვესტორები - ფული არ გვექნება, ქვეყანაში ფულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს, ამიტომ ბიზნესს მიადგნენ...“.
კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ოლეგ დერიპასკამ 2-3-ჯერ რუსი ჩინოვნიკების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმს კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ უსსიც ესწრებოდა, რომელმაც დერიპასკას ამ განცხადებაზე, რეპლიკით უპასუხა, რომ მზად არის შემცირებისთვის.
„რაც შეეხება ჩინოვნიკებს, ვფიქრობ, რაღაცნაირად მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს. ყოველთვის ვფიქრობ, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ სახელმწიფო უწყებები... ჩინოვნიკების რიცხვი 2-3-ჯერ უნდა შემცირდეს, ასევე რამდენჯერმე უნდა შემცირდეს სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობა... ისინი ეკონომიკისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენენ. იმ ეკონომიკისთვის, რომლისთვისაც სანქციების და სხვა არსებული მდგომარეობის გამო ძალიან დიდი ტვირთი აწევს. რაღაცნაირად უნდა ჩამოვიფერთხოთ და წინ წავიდეთ. სახელმწიფო აპარატში დასაქმებულთა რიცხვი ძალიან დიდია და ჩვენ მეტი თავისუფლება და კონკურენცია გვჭირდება“, - განაცხადა ოლეგ დერიპასკამ.
რუსმა მილიარდერმა ქვეყანაში ძველი მეთოდებით მეწარმეების დაკავებისა და დადანაშაულების პრაქტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ თუ ბიზნესმენი ეკონომიკური საქმიანობისას სცოდავს, ისინი ამ შეცოდებებს სამუშაო ადგილების შექმნით გამოისყიდიან.
ცნობისთვის, რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, რუსული Forbes-ის მიხედვით, გასული წლის აპრილში, რუსი მილიარდერების რეიტინგში 1.7 მლრდ დოლარით 50-ე ადგილს იკავებდა. ის აქტივებს ფლობს ჰოლდინგ En+, GAS Group-ში, ინგოსტრახში.