მომგებიანი ბანკების რეიტინგი - როგორ გადანაწილდა 2.1 მილიარდი ბანკებს შორის?
ნინო ტაბატაძე
31.01.23 00:00
• 2299
2022 წელი 14 კომერციული ბანკიდან 11-მა მოგებით დაასრულა. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ჯამური წმინდა მოგება 2.08 მლრდ ლარს შეადგენდა.
მომგებიანობით საქართველოს ბანკი ლიდერობს, რომლის წლიურმა წმინდა მოგებამ 924.3 მლნ ლარი შეადგინა. 893,5 მლნ ლარის წმინდა მოგებით მეორე ადგილზეა თიბისი. სამეულში შედის ლიბერთი, რომელმაც თითქმის 67 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 2022 წელს
გასულ წელს ზარალზე იყო 3 ბანკი, მათ შორის სანქცირებული რუსული VTB -ის შვილობილმა „ვითიბი ბანკი საქართველომ“ ზარალის სახით 51 მლნ ლარი მიიღო.
ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში მაღალ მოგებას ქვეყანაში ეკონომიკის მაღალ ზრდას უკავშირებს. თუმცა, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი BMG -სთან განმარტავს, რომ მიუხედავად თანხობრივი ზრდისა, კაპიტალზე უკუგებით მომგებიანობა შემცირებულია და 24% შეადგენდა. სებ-ში ელიან, რომ კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 2023 წელსაც შემცირდება და ის წლის ბოლოსთვის 20%-ის ფარგლებში იქნება.
„თუ შევხედავთ ეკონომიკის ზრდა ის 10% იყო 2022 წელს, ნომინალურ გამოსახულებაში მშპ-ს ზრდა 20% იყო. უკვე მეორე წელია ასეთი ვითარება გვაქვს. ცხადია, როდესაც არის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საკრედიტო დანაკარგები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ამას დაემატა ის, რომ გაცვლითი კურსიც გამყარდა და საკრედიტო ზარალი კომერციულ ბანკებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. იყო სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, გაზრდილია საგარეო ვაჭრობა, აღდგენილია შედარებით ტურიზმი, საგარეო შემოდინებები გვაქვს და ამ კუთხით, მიიღეს მეტი სარგებელი საოპერაციო კუთხით, მათ შორის ვალუტის კონვერტაციის კუთხითაც“, - ამბობს დავით უტიაშვილი.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ასეთი მაღალი მოგება მაინც დროებითია. მათი მოლოდინით, გარკვეული შემცირება კაპიტალზე მომგებიანობის კუთხით 2023 წელსაც იქნება.