მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის კონკურენციის სააგენტოში 213 განაცხადი შევიდა

64520ca679b58
მარიამ ვარადაშვილი
03.05.23 11:23
414
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასული წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი შევიდა.

სააგენტოს ცნობითვე, ექვსი თვის განმავლობაში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე 35 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ.

"კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 77% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 22% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი - 5% და აჭარა - 2%",-აცხადებენ სააგენტოში.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 62, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 21, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 11, ხოლო სხვა დანარჩენი 52.

სააგენტოს ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში, შესული განაცხადების 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის.

ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები