მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მონეტარული პოლიტიკა ცალსახად უნდა გამკაცრდეს“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

62e10ebd35c1e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 14:10
1552
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უნდა გაამკაცროს და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო კარგი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სებ-ის პრეზიდენტის მიერ მარეგულირებლის 2021 წლის ანგარიშის წარდგენამდე განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშრებით ექნება კითხვები კობა გვენეტაძესთან და სებ-ის საბჭოს წევრებთან. ალექსანდრე რაქვიაშვილი კობა გვენეტაძის მმართველობას აკრიტიკებს და თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ შეძლო ინფლაციის გაკონტროლება.

„2021 წელის საქართველოს ისტორიაში ინფლაციის კუთხით ყველაზე ცუდი წელი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლოჯერ წარადგენს 2021 წლის ანგარიშს და შედის ისტორიაში როგორც სებ-ის ყველაზე წარუმატებელი მმართველი. ასეთ სიტუაციაში უამრავი კითხვა შეიძლება არსებობდეს, მთავარი კითხვა კი ის არის - რატომ არ გააკეთა ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაეშვა მაღალი ინფლაცია, რატომ არ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე? ეს რომ მომხდარიყო წინა თვის დასაწყისში, ახლა 13%-იანი ინფლაცია არ გვექნებოდა.

ამ კომიტეტს ესწრებიან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, მათ შორის ახალი საბჭოს წევრები და მნიშვნელოვანია ისინი როგორ ხედავენ ამ პრობლემას, რადგან ერთ-ერთი თავდაცვა არაკომპეტენტური მმართველობისგან არის აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილების მიღებისას.

მონეტარული პოლიტიკა ცალსახად უნდა გამკაცრდეს. ახლა იძახიან, რომ ეს მკაცრი პოლიტიკაა - ეს ასე არ არის. არანაირი კრიტერიუმით ეს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკის ფარგლებში არ ჯდება. დაგვიანებულია, მაგრამ რაც უფრო ადრე დაიწყება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მით უკეთესია. ის რომ დოლარი მყარდება, ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის, ცხადია, ეს დოლარის ძალიან დიდი შემოდინებით არის გამოწვეული, მათ შორის რუსეთიდან, რაც შეიძლება დროებითი ფაქტორი იყოს. ეროვნული ბანკი ფასების ინფლაციაზე პასუხისმგებელია და 13%-იანი ინფლაცია დაუშვებელია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები