მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეობის მინიჭების წესის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევა

6486249a3d243
BM.GE
12.06.23 09:30
1149
მთავრობის ინიციატივით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტშია და განხილვის დასაწყებად ბიუროს 12 ივნისის სხდომაზე წარედგინება. ინიციატივის შესახებ ვრცლად იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გასულ კვირაში ისაუბრრა. 

"კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად, გონივრულ ვადებში სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რომ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, ეს პროცედურები მაქსიმალურად გაუმარტივდეთ. მოქალაქეობის მსურველ პირს გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებამდე განცხადებით მიმართვამდე. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება დრო და რესურსი. მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. ასევე მოქალაქეობის მოპოვებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა მცირდება 1 წლიდან 6 თვემდე. ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5-წლამდე შემცირდება“, - განმარტა რატი ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს ხარვეზი კანონმდებლობაში და იმისთვის, რომ მოქალაქემ მიიღოს მოქალაქეობა, ერთ-ერთი წინააღმდეგობა არის ქართული გამოცდის ჩაბარება.

„დღეის მდგომარეობით, თუკი ადამიანმა ვერ ჩააბარა გამოცდა, პროცედურა მაინც გრძელდება და საბოლოო ჯამში ის მაინც მიიღებს უარს, მიუხედავად იმისა, ის მთელ ამ პროცედურაში სხვა ნაწილებს გაივლის თუ არა დადებითად. ანუ პროცედურა თავიდანვე განწირულია უარისთვის. შესაბამისად, ერთი წელი უწევს შემდეგ ადამიანს დალოდება, რომ ხელახლა ჩააბაროს გამოცდა. აქ უკვე პროცედურა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას. ადამიანები დაზოგავენ დროს, რესურსებს და სახელმწიფოც დაზოგავს ადამიანურ რესურსს. აქ იცვლება ის, რომ ადამიანებს შეუზღუდავად შეუძლიათ სცადონ წარმატების მიღწევა და როცა დადებითი შედეგი ექნება, ერთი წლის განმავლობაში შეუძლია მიმართოს სააგენტოს, რათა დაიწყოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები“, - განმარტა რატი ბრეგაძემ.

bm.ge-ის კითხვაზე, რა არის მიზეზი იმისა, რომ მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საქართველოში ცხოვრების ცენზი 5 წლამდე შემცირდა, რატი ბრეგაძის თქმით, ამ მიმართულებით კანონი მსუბუქდება.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, და არ აქვთ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა. დღემდე მათ მოეთხოვებათ 10-წლიანი ცხოვრების ცენზი, ხოლო კანონის მიღების შემდეგ მიდგომა ხდება უფრო ლიბერალური“, - თქვა ბრეგაძემ.

BMG-ის ჩაკითხვაზე, ძირითადად რომელი ქვეყნის მოქალაქეები ითხოვენ ხოლმე საქართველოს მოქალაქეობას, აქვს თუ არა მინისტრს ასეთი სტატისტიკა, რატი ბრეგაძემ უპასუხა, რომ სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება. „არ მინდა დაუზუსტებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამაზე თუ მოგვმართავთ მოგაწვდით ინფორმაციას. არავითარი პრობლემა არ არის“, - უპასუხა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე არაერთი განცხადება გააკეთა. ის მთავრობას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე ზედმეტად რთული პროცედურებისთვის აკრიტიკებს.

„როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ შეიძლება გაგრძელდეს კომისიის მუშაობა ისე, როგორც გრძელდება. „მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი მქონდა, მაგრამ არამხოლოდ ყველას მიღწევა არის ის, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლის ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს, ვიღაცას რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას. „არ ჩამოსულა ქვეყანაში დიდი ხანიაო“, „არა აქვს რაღაცა კავშირები ქვეყანასთანო“, ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია [მოქალაქეობა], აქვს [ამის] უფლება. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, არა აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს ქონებას თუ არა. ეს არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული?! რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში რა უნდა იყოს ახალი დამატებითი კრიტერიუმები“, - თქვა პრეზიდენტმა 27 მაისს, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები