მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსამართლეთა დასანქცირება პოტენციური ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი სიგნალია“ - კოჟორიძე

642ee34867573
ელენე გოგბერაშვილი
06.04.23 23:00
529
„ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერის გაგრძელება, რასაც ამერიკა ათწლეულების განმავლობაში უწევს საქართველოს“ - ასეთ შეფასებას აკეთებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილებაზე იურისტი კახა კოჟორიძე. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

„უამრავი დახმარება გვაქვს მიღებული სამართლებრივი, პოლიტიკური თუ ფინანსური რესურსის სახით წლების განმავლობაში. ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერის გაგრძელება, ეს არის მესიჯი იმისა, რომ ამ სისტემას სჭირდება ცვლილებები.

მთავარი პრობლემა, რაც სასამართლოსთან მიმართებაში არსებობს, არის არა ეს 4 სახელი და გვარი, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობა. ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში სამწუხაროდ, არცერთ ხელისუფლებას აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ამ სისტემის რეფორმირება გაეკეთებინა. უნდა ვისწავლოთ ეს გაკვეთილიც, რომ პოლიტიკური ნება ჩნდება არა თვითნებურად, ხელისუფლებებს არ უჩნდებათ ამის ნება, მათ შეიძლება გაუჩნდეთ ეს ნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თავად საზოგადოებას ექნება სურვილი, ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენ თუ ეს სურვილი გვექნება, ისეთი ძლიერი როგორიც იყო ე.წ აგენტების კანონპროექტის ჩაგდების დროს, დამერწმუნეთ ერთ კვირაში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება“,- აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისი შეფასებით, ბუნებრივია ამ პროცესებს გავლენა ექნება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზეც, რადგან ინვესტორი, რომელიც თავს დაცულად ვერ გრძნობს, იმ ქვეყანაში ფულს არ დააბანდებს.

„როდესაც ინვესტორი პროექტს იწყებს, პირველი კითხვა, რასაც საკუთარ თავს უსვამს არის, ვიქნები მე თუ არა დაცული. ჩვენ თუ არ დავანახეთ, რომ ჩვენს ქართულ სასამართლოს ამ ფუნქციის შესრულება სათანადოდ შეუძლია, მაშინ ინვესტორები არ იქნებიან დაინტერესებული, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. რეგიონის ქვეყნებში სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მთელ რეგიონში სასამართლო არის დეფიციტური პროდუქტი, მოთხოვნაა სამართლიან სასამართლოზე. თუ ჩვენ ამ პროდუქტს საქართველოში შევქმნით, ინვესტორები სწორედაც საქართველოში ინვესტიციის ჩადებას გადაწყვეტენ, ეს ქვეყანა მართლაც ოაზისად შეიძლება გადაიქცეს, თუ გავისიგრძეგანებთ რამხელა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნას.

დასანქცირება ერთი მხრივ ეს არის პოტენციური ინვესტორისთვის შემაშფოთებელი სიგნალი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია თავად დავფიქრდეთ, ეს სიგნალი და შეცვლისკენ მითითება იქნებ გამოსაფხიზლებელი მინიშნება იყოს და გავიაზროთ, რომ ამის გარეშე არ შეგვიძლია თანამედროვე ძლიერი ეკონომიკის შექმნა.

როცა ჩვენი პარტნიორები, რომელთა ნების გარეშე ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოუდგენელია, მიგვითითებენ იმაზე, რომ ეს პრობლემა გაქვთ და გამოასწორე და ჩვენ არ ვასწორებთ წლების განმავლობაში, მერე უკვე სახელმწიფო დონეზე გვეუბნებიან ამას, ახლა მაინც უნდა დავფიქრდეთ, რომ ისინი კი არ არიან შეცდომაში შეყვანილები, არამედ ეს არის ჩვენი პრობლემა.

ჩვენ როცა სარკეში ჩავიხედავთ და რაღაც არ მოგვეწონება, სულელები ვიქნებით თუ სარკეს დავამტვრევთ და არ დავფიქრდებით რომ რაღაც შევცვალოთ გარეგნობაში, იგივეა ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ დავიწყებთ სახელმწიფო დეპარტამენტის და უცხოელი პარტნიორების კრიტიკას, რა თქმა უნდა ეს თვითდაზიანება იქნება, რასაც არ უნდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები, თუ სახელმწიფოებრივიო ინტერესებით არიან განმსჭვალული“,-განმარტავს კახა კოჟორიძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ,სრულიად გაუგებარი და მიუღებელია საქართველოს მთავრობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ამერიკის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში იმედს გამოთქვამს, რომ დეპარტამენტი შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენს ან გადაწყვეტილებას გადახედავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები