მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე 28 მლნ ლარამდე დაიხარჯება - გოგიტა თოდრაძე

6464c2e7eb1e0
ელენე გოგბერაშვილი
17.05.23 16:22
848
მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე 28 მლნ ლარამდე დაიხარჯება. როგორც "საქსტატის" დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, თანხის გარკვეული ნაწილი დონორების მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებაა.

მთავრობის დადგენილებით, მოსახლეობის აღწერის ჩატარება მომავალი წლის ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება. საქსტატმა უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რაც საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების შემოვლას და მასში ფაქტიურად მცხოვრები ადამიანების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს.

მიმდინარე წლის განმავლობაში "საქსტატი" დაახლოებით 3500-მდე პერსონალს დაიქირავებს, მომავალ წელს კი აღწერის მასშატაბიდან გამომდინარე 12 500 საველე პერსონალის დაქირავება იგეგმება.

„მიმდინარე წლის ბოლომდე მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება, მომდევნო წლის გაზაფხულზე ჩვენ პილოტურ გამოკვლევას ჩავატარებთ, რომ მოვახდინოთ აღწერის კითხვარის ტესტირება და უკვე 15 ნოემბრიდან დავიწყებთ აღწერას.

ამ ეტაპზე საერთოდ უარს ვამბობთ ტრადიციული მეთოდის გამოყენებაზე. პირველი ორი კვირის განმავლობაში მონაცემთა შეგროვება განხორციელდება თვითრეგისტრაციის მეთოდით, რასაც მოჰყვება ინტერვიუერები მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ თვითრეგისტრაციის პროცესში. მათ მიაკითხავენ ოჯახში და აიღებენ კითხვარით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 3500 -მდე პერსონალის დაქირავება მოგვიწევს ამ ერთჯერადი სამუშაოს შესასრულებლად. მომავალ წელს თავისი მასშატაბიდან გამომდინარე 12 500 საველე პერსონალის დაქირავება იგეგმება.

ბიუჯეტი დაახლოებით 27-28 მლნ ლარი იქნება, მთელ ამ 3-4 წლიან პერიოდზე. უმეტესი ნაწილი ბიუჯეტის, გარკვეული ნაწილი კი დონორების დაფინანსებაა“,-აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. "საქსტატის" დირექტორის ინფორმაციით, 10 წლის წინ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები