ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 2022 წლის 1 მარტს არ განაახლოს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა.
"ბირჟაზე ვაჭრობის რეჟიმის განახლების შესახებ ცენტრალური ბანკი დამატებით ინფორმაციას 2022 წლის 09:00-მდე გამოაქვეყნებს", - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკი იტყობინება.
ცნობისთვის, მოსკოვის საფონდო ბირჟა არც ორშაბათს გახსნილა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. პანიკური ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის საფასური 105 რუბლს შეადგენს, რაც 24 საათში 25%-იანი გაუფასურებაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუბლმა ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა.
რუბლის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციის საფრთხე შეიქმნა, რის გამოც, დღესვე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში აქამდე არ ყოფილა.