2019 წელს 25-30 ტონა მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია „ეფკოს“ თანადამფუძნებელმა რატი მორჩილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ მოცვზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე იზრდება და მათი მოცვის პლანტაციების წარმადობაც წელს 120 ტონამდე იქნება, ბაზრების დივერსიფიცირება კომპანიისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
„რეალიზაცია ამ ეტაპზე ხდება რუსეთის ბაზრის მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული გეგმები გვქონდა ევროპის ბაზარზე ექსპორტირებისთვის, თუმცა COVID-19-მა ხელი შეგვიშალა იმ მხრივ, რომ სერტიფიცირების მიღება შეფერხდა. აუდიტმა ვერ შეძლო ქვეყანაში ჩამოსვლა და აუდიტის გაკეთება. ამიტომ ვერ განვახორციელეთ ევროპაში პროდუქციის გატანა, მიუხედავად იმისა რომ პარტნიორებთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა. მომავალში ვაპირებთ, რომ გაყიდვების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და ჩვენი წარმოების ლურჯი მოცვი რუსეთის გარდა, ევროპასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავიტანოთ, სადაც ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ პროდუქტზე“, - განმარტავს რატი მორჩილაძე.
მისი თქმით, მოთხოვნა ევროპის ქვეყნებიდან მზარდია და მათ შემთხვევაში რომ არა ეპიდსიტუაცია 80 ტონა მოცვზე ჰქონდათ შეკვეთა.
„მოთხოვნა ევროპიდან იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ, ან ნებისმიერ სხვა მოცვის მწარმოებელს შეუძლია დააკმაყოფილოს საქართველოში. ორ კომპანიასთან რაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ჯამში დაახლოებით 80 ტონას შეადგენდა გერმანიისა და ჰოლანდიის მიმართულებით“, - აღნიშნა „ეფკოს“ თანადამფუძნებელმა.
ევროპის ბაზარზე ქართული მოცვის კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას რატი მორჩილაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მოცვის დამწიფება მაშინ იწყება, როდესაც ევროპაში პროდუქტი დეფიციტური ხდება.
„ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა აუცილებლად განახლდება, მათთვისაც ხელსაყრელია ჩვენთან თანამშრომლობის განახლება, რადგან ჩვენი მოცვი იმ სეზონზე მწიფდება და როცა რეალურად ევროპის ქვეყნებში პროდუქტი დეფიციტური ხდება. სწორად ამიტომ იყო ძალიან დიდი მოთხოვნა მათი მხრიდან. ესპანეთი როგორც ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, სანამ ჩვენი მოცვი შემოვა, მაისის ბოლო კვირებში ამთავრებს კრეფას და სანამ მეორე მწარმოებელი ქვეყნის პოლონეთის მოცვი შემოვა, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის, ჩვენი მოცვი იმ პერიოდში მწიფდება. მაისის ბოლო კვირიდან ივლისის ბოლო კვირამდე არის საკმაოდ მომგებიანი ფანჯარა და ამ დროს ქართულ მოცვს აქვს ძალიან კარგი შანსი თავისი თავის რეალიზაცია მოახდინოს, როგორც რუსეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე ევროპის ქვეყნებში“, - განმარტავს მოცვის მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელი.
მისი თქმით, საექსპორტო ბაზრზებზე მოცვის ღირებულება მოთხოვნის პროპორციულად იზრდება.
"ჩვენი კომპანიის გამოცდილებიდან რომ ვისაუბროთ, ფასი ყოველწლიურად იცვლება და შარშანდელთან შედარებით პროდუქტზე წელს უკეთესი ფასია. მიზეზი არის სწრაფად მზარდი მოთხოვნა მოცვზე. სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით მოცვზე მოთხოვნა ორნიშნა მაჩვენებლით იცვლება. სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით რომ გავყოთ რუსეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოცვზე საკმაოდ კარგი ფასია, თუმცა, ამ ორ ბაზარზე განსხვავება ისაა, რომ ეს ქვეყნები დიდ მოცულობას არ ითხოვენ. სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოცვზე უფრო მაღალია ფასი, თუმცა ლოგისტიკის კუთხით ექსპორტის განხორციელება უფრო რთულია, რადგან მხოლოდ საჰაერო გადაზიდვებზეა საუბარი და გამოწვევები ამ მიმართულებით არის“, - უთხრა BM.GE-ს რატი მორჩილაძემ.