„მოთხოვნა შემცირებულია, რაც ვალუტის კურსმაც განაპირობა“, - ამის შესახებ გადამზიდავი კომპანია „ფოსტალონის“ დირექტორმა გიორგი იმნაძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მოთხოვნის შემცირებაზე გავლენას განბაჟების ლიმიტიც ახდენს.
„ლარის კურსის ცვლილებისა თუ კორონავირუსის ფონის გათვალისწინების გარეშეც ეს ლიმიტი გაზრდას საჭიროებს. უკვე უფრო იაფფასიან ნივთს უწევს განბაჟება და ადამიანები ამას თავს არიდებენ“, - აღნიშნავს გიორგი იმნაძე.
ამასთან, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, წილობრივად, გაიზარდა მოთხოვნა მიტანის სერვისზე, ამიტომ კონტრაქტი გააფორმეს „გლოვოსთან“, რომელიც უშუალოდ კომპანიის მიტანის სერვისთან ერთად, მომხმარებლამდე ამანათების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება კორონავირუსის ფონზე მუშაობას, გიორგი იმნაძის განმარტებით, კომპანიაში დასაქმებულები მუშაობენ დისტანციურად, გარდა საწყობის თანამშრომლებისა, რომლებიც მისივე განმარტებით, იცავენ რეკომენდაციებსა და მითითებებს. ამასთან, იმნაძე აღნიშნავს, რომ საწყობსაც და ტვირთებსაც დეზინფექცია უტარდებათ.
„ჯერჯერობით, შეუფერხებლად ვმუშაობთ, ტვირთის ჩამოსვლის თვალსაზრისით, შეფერხება არ ყოფილა“, - დასძენს გიორგი იმნაძე.
ცნობისთვის, „ფოსტალონი“ ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან ახორციელებს.