მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოუწევთ თუ არა ელექტროენერგიის აბონენტებს არსებული მრიცხველების ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლება?

60df5d790d7d2
ანუკა ჯოხაძე
03.07.21 00:00
1183
1 ოქტომბრიდან ყველა ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ექსპლუატაციაში შევა, ე.წ ჭკვიანი მრიცხველებით იქნება აღჭურვილი. როგორც სემეკში აცხადებენ, გამანაწილებელი ქსელის ახალი წესები უკვე დამტკიცებულია. ჭკვიანი მრიცხველი თავად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას და აღმრიცხველის ადგილზე მისვლა საჭირო არ იქნება. გარდა ამისა, ჭკვიან მრიცხველს შეუძლია თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია კონკრეტულ მისამართზე.

1 ოქტომბრიდან აღნიშნული ვალდებულება პირველ რიგში ახალ აშენებულ იმ კორპუსებზე გავრცელდება, რომლებიც გამრიცხველიანებაზე განაცხადს 2021 წლის ოქტომბრიდან გააკეთებენ.

ხოლო რაც შეეხება იმ კორპუსებს, სადაც ძველი მრიცხველებით აბონენტები უკვე სარგებლობენ. ამ შემთხვევაში სემეკში აცხადებენ, რომ პერიოდულად ამ მრიცხველების ჩანაცვლებაც მოხდება. თუმცა ენერგოომბუდსმენის შეფასებით, იმის გამო, რომ ძველი მრიცხველების სრულად ჩანაცვლება დიდ ინვესტიციას საჭიროებს, მისი ჭკვიანი მრიცხველებით შეცვლა, შედარებით შორეული პერსპექტივა იქნება, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

“ახლად აშენებული კორპუსებისთვის იქნება სავალდებულო ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება. შესაბამისად, განაცხადის წარდგენა მომსახურე კომპანიასთან ჭკვიანი აღრიცხვიანობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდება. ამის შემდეგ ახალი კორპუსები უკვე ჭკვიანი მრიცხველებით გვექნება აღჭურვილი. ამ ეტაპზე ის თუ ტექნიკურად რა პროცესი იქნება, როგორც აღრიცხვიანობის, ასევე ამ აღრიცხვიანობის მონაცემების შეყვანის ან ზოგადად მოხმარების ნაწილში, ეს ჯერ ჩვენთვის უცნობია. ჯერ არც ის ვიცით, რომელ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ტექნოლოგია იქნება შემოსული საქართველოს ბაზარზე. პირველი ნაბიჯი იქნება ჭკვიანი მრიცხველების მოთხოვნა, რომელიც შეეხება ახალ კორპუსებს. ძველი კორპუსების შემთხვევაში ჯერ ასეთ ცვლილებებს არ ველოდებით, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია ხარჯებთან და ტექნიკურ ცვლილებებთან, რისთვისაც მზად არ ვართ. თუმცა ზოგადად პროცესი იწყება და წავალთ იქითკენ, რომ მთლიანად გადავალთ ჭკვიან აღრიცხვიანობაზე.”-აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები