მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშობლებისგან მთავარი მოთხოვნა ბავშვებისთვის გაჯეტების შეზღუდვაა“ - რას სთავაზობს დამსვენებლებს „მწვანე ბანაკი“?

648aff7d0897c
სალომე ხიდურელი
18.06.23 21:00
594
„მწვანე ბანაკი“, რომელიც ბავშვებისა და მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკებს უკვე მეექვსე წელია მართავს, წელს ნაკადების მიღებას 19 ივნისიდან დაიწყებს. როგორც ბანაკის დამფუძნებელი მაკა გოჩიაშვილი BM.GE-სთან ჰყვება, ივნისისა და ივლისის ნაკადები უკვე სრულად არის შევსებული, აგვისტოსთვის კი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

„ბანაკის პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ერთი მხრივ, ვმუშაობთ ბავშვების პიროვნული განვითარების მიმართულებით, ვთავაზობთ ახალგაზრდა მუშაკების მიერ ორგანიზებულ პროგრამას, რომელიც გუნდის შეკვრაზე, მასში ბავშვების ინტეგრაციასა და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამიტომაც გვაქვს ასაკობრივი ჯგუფები, რომ თანატოლებისთვის შევქმნათ არაფორმალური საკომუნიკაციო სივრცეები და ერთმანეთთან ჯანსაღი კომუნიკაციების დამყარებაში დავეხმაროთ.

მეორე მხრივ, ვავითარებთ ფიზიკურ აქტივობებს. გვაქვს ფრენბურთის მოედანი, კალათბურთის მოედანი, მზადდება საცოცი კედელი, რომელიც სრულად შეესაბამება სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, ასევე ცურვის აქტივობა. გვექნება ლაშქრობები და ბუნებაში გასვლითი ტურებიც“, - ამბობს მაკა გოჩიაშვილი.

როგორც „მწვანე ბანაკის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მშობლებისა და ბავშვებისგან, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, განსაკუთრებით ისმება აქცენტი გაჯეტებისა და მობილურების გამოყენების შეზღუდვაზე.

„უფრო და უფრო ხშირად კეთდება მშობლებისგან აქცენტი იმაზე, რომ ბავშვებს სოციალური უნარები განუვითარდეთ და რაც შეიძლება მეტად დაისვენონ გაჯეტებისგან. ხშირად ჩაგვეკითხებიან ხოლმე, ხომ ნამდვილად ექნებათ ბავშვებს ტელეფონებთან წვდომა შეზღუდული და როგორ დავეხმარებით მათ სოციუმში ინტეგრაციაში.

სხვათა შორის, ბანაკებზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბავშვების სურვილია, ბანაკებში წამოსვლა და გაჯეტებისგან გათავისუფლება, ხშირად იყო შემთხვევები, რომ მობილურებზე იყვნენ დამოკიდებულები. პანდემიის შემდეგ კი დავაფიქსირე, რომ თავად ბავშვებს მოსწონთ გაჯეტებზე შეზღუდვა, აქამდე თუ თინეიჯერები ჩვენთან არც მოდიოდნენ, როცა იგებდნენ, რომ ტელეფონებზე შეზღუდვა გვქონდა, ეს შეიცვალა, უნდათ, რომ ტელეფონების გარეშე გაატარონ მეტი დრო“, - ამბობს მაკა გოჩიაშვილი.

„მწვანე ბანაკის“ ღირებულება წელს 850-ლარიდან 1500-ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია ნაკადის ხანგრძლივობასა და იმაზე, ინგლისურენოვანი იქნება თუ ქართული. გოჩიაშვილის თქმით, ბანაკის ღირებულება წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, რასაც პროდუქტებზე მომატებული ფასები და კადრებისთვის ხელფასების ზრდა იწვევს.

„მწვანე ბანაკი“ 19 ივნისიდან 2 სექტემბრამდე 8 და 9-დღიან ნაკადებს „მანგლისი რეზორტში“ მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები