მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები - TOP 10

642d05eb57b4c
ლიკა მეგუთნიშვილი
08.04.23 20:39
2930
Visual Capitalist-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს. ის, მოსახლეობის ცხოვრების პირობების შესახებ სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად ითვლის მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, განსაზღვრავს თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, როგორია სავალუტო რყევები, რა ღირებულება აქვს ისეთ აუცილებელ ნივთებს, როგორიცაა საკვები და ტანსაცმელი.

ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ლუქსემბურგი იკავებს. 634 000 მოსახლით, ლუქსემბურგი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა ევროპაში, ერთ მოსახლეზე მშპ კი, აქ თითქმის 130 000 დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 415-ჯერ აღემატება მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნის, ბურუნდის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც 303 დოლარია. ლუქსემბურგში რამდენიმე მსხვილი ინდუსტრიაა, თუმცა წამყვან ადგილს საფინანსო სექტორი იკავებს და ამავე დროს, ჯუჯა სახელმწიფო ერთგვარად ოფშორების დიდი წყაროცაა. ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საქონელი კი ფოლადი, რეზინი, აპარატურა და ქიმიკატებია. ქვეყნის მოსახლეობა ევროპაში ცხოვრების უმაღლესი სტანდარტით სარგებლობს.

უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა - ირლანდია იკავებს, სადაც ერთ მოსახლეზე მშპ - 106 000 დოლარს აღემატება. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ირლანდიას ძალიან დიდი ზარალი მიადგა, თუმცა საბანკო ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციის შემდეგ ქვეყანამ ძალები თანდათანობით აღიდგინა. 2019 წლიდან კი, მისი ეკონომიკა და ერთ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ყველაფერი ქვეყანაში პრო-ბიზნესული გარემოს შექმნამ, კორპორაციული გადასახადების დაბალმა განაკვეთებმა და მაღალკვალიფიციურმა სამუშაო ძალამ განაპირობა. ამასთან, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ყოველწლიურად ზრდის დინამიკას აჩვენებს.

მესამე უმდიდრესი ქვეყანა არის შვეიცარია, სადაც მშპ ერთ მოსახლეზე 95 000 დოლარს შეადგენს. თეთრი შოკოლადი, ყველი, ძვირფასი საათები, ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელიც შვეიცარიას უკავშირდება. შესაძლებელია, კიდევ ბევრი ნივთი თუ საინტერესო გამოგონება გავიხსენოთ, რაც ამ ქვეყანას მოგვაგონებს, თუმცა, შვეიცარიის მთავარი ძალა კარგად განვითარებული საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაა. შვეიცარიაში მნიშვნელოვნადაა განვითარებული ძვირფასი ქვებისა და ლითონების, მანქანა-დანადგარებისა და ასევე სამედიცინო აპარატურის ინდუსტრიები. UBS-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის მიხედვით, შვეიცარიის ზრდასრული მოსახლეობის 14,9% ერთი მილიონი დოლარის აქტივებს ფლობს. პანდემიური რეალობის ფონზეც კი, ქვეყანამ 2020 წელს წარმოება მხოლოდ 2,5%-ით შეამცირა, როდესაც მისი მეზობელი ქვეყნები – იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია, შესაბამისად, 8,8%, 10,8%, 7,9% და 4,5% პროცენტული მაჩვენებლით დაზარალდნენ.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე ხვდება კატარი. ერთ მოსახლეზე მშპ აქ 90 000 დოლარს აღწევს. ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ დასაყრდენს ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი წარმოადგენს და მშპ-ს 60% სწორედ ნავთობზე მოდის. ულტრათანამედროვე არქიტექტურა, უდიდესი სავაჭრო ცენტები, განსაკუთრებული სამზარეულო - ეს ყოველივე კი ქვეყანას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნავთობის გაძვირების გამო, ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, კატარი მუდმივად ცდილობს განავითაროს ტექნოლოგიური სფერო და შექმნას ძლიერი კომპანიები, რათა მისი ეკონომიკა მხოლოდ საწვავზე არ იყოს დამოკიდებული.

რეიტინგის ხუთეულს ხურავს ნორვეგია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ნორვეგიაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე 89 000 დოლარს აღწევს. ქვეყნის ეკონომიკის მთავარ საყრდენს ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს და ნორვეგიის მშპ-ს 30% ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე მოდის. თუმცა, ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ნავთობით მიღებული შემოსავლები ნორვეგიამ მაღალკვალიფიციურ, განათლებულ სამუშაო ძალაში და თანამედროვე ტექნოლოგიებში გარდასახა. დღეს ნორვეგია არის უმდიდრესი დემოკრატიული ქვეყანა, სტაბილური და სანდო ინსტიტუტებით. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ნავთობი 60%-ით გაიაფდა, ნორვეგიამ 3%-იანი წლიური ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნა.

რაც შეეხება, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგის ათეულში შემავალ დარჩენილ ქვეყნებს, აქ მშპ ერთ მოსახლეზე ასე განისაზღვრება:
სინგაპური: 84,501 დოლარი;
აშშ: 78,422 დოლარი;
ისლანდია: 77,961 დოლარი;
ავსტრალია: 68,024 დოლარი;
დანია: სადაც მშპ ერთ მოსახლეზე 66,394 დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები