ტურიზმის მოსაკრებლის შემოღების ინიციატივა ტურიზმის ინსტიტუტმა USAID-ის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ გააჟღერა. იქამდე ჩატარდა კვლევა, რომელმაც ტურიზმის მოსაკრებელთან დაკავშირებით ბათუმისა და ქობულეთის სასტუმროების პოზიცია გააერთიანა. ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ტურისტული მოსაკრებლის დაწესებით ბათუმი მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს.
ტურიზმის გილდიაში ტურისტული მოსაკრებლის დაწესებით სარგებლის მიღების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა კითხვები მაინც არის და ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი შემოსული ფინანსების ხარჯვას ეხება. ნატალია ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ მთავარი და აუცილებელია მოსაკრებლით აკუმულირებული თანხები მუნიციპალიტეტებში დარჩეს და იქ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდეს.
“მთავარია გონივრულად შემუშავებული კონტროლის მექანიზმი იყოს- რაზე იხარჯება ეს თანხა და რამდენად მიზნობრივად. თუ ეს მოხმარდება ადგილობრივი ძეგლების მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. იგივე თუ მოეწყობა სველი წერტილები და ნაგვის ურნები, რომ ადამიანებმა სიგარეტის ნამწვით ან ყავის ცარიელი ჭიქით მთელი ნახევარი ბულვარი ან თბილისი არ იაროს ნაგვის ურნის ძებნაში, რაც ყველგან ძალიან ჭირს. თუ ეს მოხმარდება რეკრეაციული სივრცეების უფრო მეტად მოწესრიგებას არავინ არ იქნება წინააღმდეგი, ყოველ შემთხვევაში ეს არის მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკა,”-ამბობს ტურიზმის გილდიის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია ანდრონიკაშვილი.
BM.GE საკითხზე აჭარის მთავრობასაც დაუკავშირდა, სადაც გვიხსნიან, რომ ტურიზმის მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი თქმით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან გადასახადის შემოღება არსებულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
ცნობისთვის, ტურიზმის მოსაკრებლის შემოღების ინიციატივა 2 წლის წინ ჰქონდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასაც. განხილვა მაშინ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ბიზნესის წარმომადგენლებთანაც იგეგმებოდა, თუმცა საკითხი ბოლომდე არ მისულა.