საქართველოს მთავრობამ დღეს 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 1.2 მილიარდი ლარით იზრდება, რაც შესაბამისად გაზრდილ სამთავრობო ხარჯებს დააფინანსებს. ცვლილებების შესახებ უფრო დეტალურად ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებების მიხედვით, იგეგმება ახალი სამაშველო ვერტმფრენის შეძენაც, რაც 50 მილიონი ლარი დაჯდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა "სუპერ პუმას" ვერტმფრენს გაყიდის და ახალ სამაშველო ვერტმფრენს იყიდის. უცნობია რატომ იქნა ვერტმფრენის გაყიდვის გადაწყვეტილება მიღებული ახლა, მაშინ როდესაც წინა წლებშიც საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ "სუპერ პუმას" ვერტმფრენის სპეციფიკაცია არ შეესაბამებოდა სამაშველო მოთხოვნებს. ასევე უცნობია რა თანხად შეიძლება მოხდეს ამ ვერტფრენის გაყიდვა.