მთავრობა პეტიციას განიხილავს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებასა და რეკლამების აკრძალვას ეხება,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს.
მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა 2019 წლის 4 ნოემბერს. პეტიციის მხარდამჭერი ხელმოწერების მოგროვებისათვის გამოყოფილი 30-დღიანი ვადის გასვლამდე აღნიშნულმა პეტიციამ მოაგროვა საჭირო ხელმოწერების რაოდენობა - 10 000 (ათი ათასი) ხელმოწერაზე მეტი.
“საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის #245 დადგენილების თანახმად, აღნიშნული პეტიცია გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 3 (სამი) კალენდარული თვის განმავლობაში გამოაქვეყნებს პეტიციის გვერდზე ოფიციალურ წერილობით პასუხს.
აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პრინციპების თანახმად, მთავრობის მეტი ღიაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ელექტრონული პეტიციების შესახებ და შექმნა პორტალი ichange.gov.ge”,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
პეტიციის მიხედვით, მოქალაქეებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
1. სასწრაფოდ, აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; მოხდეს აკრძალვის ზედმიწევნითი აღსულება. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი/ პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად
2. სასწრაფოდ, სრულად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ.
3. სასწრაფოდ გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა.
4. სასწრაფოდ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში