მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების საკითხს საერთაშორისო კვლევების საფუძველზე გადაწყვეტს

60d4925a371c8
ელენე გოგბერაშვილი
24.06.21 21:47
883
ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას ივნისის ბოლოს ვადა ეწურება. აირჩევს თუ არა მთავრობა პურზე ფასის დასაჭერად ისევ სუბსიდიის გაგრძელების გზას, ამის შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

Bm.ge-სთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყნები ხორბლის ახალ მოსავალს ელიან და ფასებიც ფქვილზე შედარებით შემცირდა, სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის კარგი დროა, თუმცა სანამ მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ საერთაშორისო კვლევების დასრულებას ელის, რომელიც გარკვეულწილად იტყვის, როგორი იქნება ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე.

„შედარებით საფასო პოლიტიკა სტაბილურია, უფრო დაბალი ფასებისკენ მოდის ბაზარი და მოლოდინი გვაქვს კიდევ შემცირების, ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ და ალბათ, მომავალი კვირის დასაწყისში უკვე იქნება ჩამოყალიბებული საბოლოოდ შეჯერებული პოზიცია“, - აცხადებს გელა ხანიშვილი და ჩვენს კითხვაზე, თუ რას ელოდება მთავრობა, პასუხობს:

„ველოდებით საერთაშორისო კვლევების დასრულებას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს ყოველი თვის ბოლოს სტატისტიკურ მონაცემებს, თუ როგორია მოსავლიანობა, სად ქარიშხალი იყო... ეს ქმნის საბაზრო ფასების წინაპირობას მსოფლიო მასშტაბით.

რუსეთმა თუ გააგრძელა ასეთი ქმედება (საბაჟო ტარიფების ზრდა), შეიძლება ქართველმა იმპორტიორებმა ხორბალი საერთოდ სხვა ბაზრებიდან შემოიტანონ. ჩვენ რუსეთიდან შემოგვაქვს ხორბალი იმიტომ, რომ საფასო პოლიტიკის მხრივ უფრო იაფია. თუკი სხვაგან აღმოჩნდება უფრო იაფი, იქ გადაერთვება სეგმენტი. დაკვირვება მიმდინარეობს და ვფიქრობთ, კვირის დასაწყისში გვექნება აბსოლუტურად ზუსტი პასუხი“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.

შეგახსენებთ, იმისთვის, რომ პური არ გაძვირებულიყო, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირება გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო და როგორც გელა ხანიშვილი ამბობს, აღნიშნული შვიდი თვის განმავლობაში პროგრამის განხორციელება მთავრობას დაახლოებით 15-16 მილიონი ლარის ფარგლებში დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები