მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ქვეყნის მასშტაბით "უსახური შენობა-ნაგებობების" დემონტაჟს, ან იერსახის გაუმჯობესებას გეგმავს

63fc9c3f33b3c
ინგა მურუსიძე
27.02.23 16:01
1124
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას.

მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი - დემონტაჟს.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით. ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, საკითხის ასე გადაწყვეტა უზრუნველყოფს, რომ შენობები საფრთხის შემცველი აღარ იყოს. 

“პროცესი დაწყებულია. მუნიციპალიტეტები ახორციელებენ უსახური შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირებას. დაიწერება დასკვნები და დასკვნების შესაბამისად მოხდება ან იერსახის გაუმჯობესება, ან დემონტაჟი”, - განაცხადა ქარსელაძემ.

"შენობა-ნაგებობები არის სხვადასხვა ტიპის. არის, ასევე, ნანგრევებად ქცეული შენობები, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის დასკვნებს. თუკი აღმოჩნდება, რომ ასეთი შენობა-ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს, განხორციელდება დემონტაჟი. რაც შეეხება ისეთ შენობა-ნაგებობას, რომელიც არ ექვემდებარება დემონტაჟს, მაგრამ საინტერესოა საპრივატიზაციო თვალსაზრისით, ის შეტანილი იქნება საპრივატიზაციო ნუსხაში. მანამდე კი, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი გარეგნული იერსახე შეესაბამებოდეს გარემოს და დაცული იყოს აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები“- დასძინა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები