მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს, საქართველოს მთავრობა რუსეთთან მზარდ ექსპორტში რისკებს ხედავს? – BM.GE-მ ამ კითხვით დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მინისტრმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აქცენტი იმ ღონისძიებებზე გააკეთა, რომელთაც მთავრობა დივერსიფიკაციისთვის აკეთებს.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ბაზრების დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს, რასაც ადგილობრივი მეწარმეების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი 16 მილიონი ლარის ოდენობის თანხა მოწმობს.
„მე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებდი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კუთხით - წელს აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი ათეულობით გამოფენაზე, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაშიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიცირებას ხელი შევუწყოთ.
სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ ამერიკაში, ევროპაში, იაპონიაში, ჩინეთში თუ სხვა ბაზრებზე და ამის კონკრეტული შემთხვევებიც გვაქვს - მაგალითად, შარშან 23 მილიონი ლიტრით მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, წელს უფრო მეტ ზრდას ველოდებით. ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 25%-ზე მეტი, ასევე პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ყველა იმ ბაზარზე, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახროციელებთ.
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა და ეს, რა თქმა უნდა, იმ ერთობლივი პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც ბიზნესის განვითარებისთვის ვახორციელებთ.“ - ასე უპასუხა ოთარ შამუგიამ დასმულ კითხვას.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატმა დღეს 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი 87.8 მილიონის საქონელი რუსეთში გავიდა და ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 105%-ით არის გაზრდილი.
საქართველო რუსულ ნავთობზე გადავიდა - იანვარში რუსეთის წილი 69% იყო