საქართველოს მთავრობა Starring Georgia-ს კონცერტებით წელს ₾150 მლნ-ის შემოსავალს ელოდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო პროგრამის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის კარგად დაგეგმილი და გააზრებული პროგრამა, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„ჩვენ დავიწყეთ კამპანია Starring Georgia. ამასთან დაკავშირებით თავიდან გარკვეული კრიტიკა გამოითქვა თუ რატომ ვაკეთებდით ამ პროგრამას, მაშინ როდესაც თვითონ გაუაზრებელ კონცერტებს აკეთებდნენ.
„ბლექ სი არენამ“ დაიწყო 2-წლიანი კამპანია, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მლნ ლარი. წელს 28 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ამ ღონისძიებებზე 100 000-მდე სტუმარს ველოდებით, ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და აქედან ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო. საზოგადოებაში ამაზე კონსესუსი და პოზიტიური მოლოდინები არსებობს. შემოსავლები რაც დღეისთვისაა მიღებული 17 მლნ ლარია, ამას გარდა სპონსორობით 4.5 მლნ ლარია მიღებული და წლის ბოლომდე 150 მლნ ლარის ფარგლებში შემოსავალს ველით. ეს იყო კონკრეტული კარგად გააზრებული და გათვლილი პროგრამა.
ამას გავაგრძელებთ და ჩვენს ახალგაზრდებს და არამხოლოდ მათ არაერთ სიურპრიზს მათ შორის 2024 წელსაც შევთავაზებთ. საქართველო უნდა გახდეს მუდმივად საერთაშორისო სპორტის, კულტურული ღონისძიებების შეკრების ადგილი, ამის ყველა წინაპირობა არსებობს, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.