ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულების და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
აღნიშნული სისტემის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 28 იანვარს ხელშეკრულება განაახლა ამერიკულ ლობისტურ კომპანია StrateVarious LLC-თან.
დოკუმენტს ხელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აწერს, მისი მიხედვით, StrateVarious-ი მთავრობისგან ყოველთვიურად $10,000 დოლარს მიიღებს.
“დამკვეთი ქირაობს ფირმას, რომელიც დაეხმარება დამკვეთს, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების და აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ასევე მედიასა და გავლენიან წრეებთან ურთიერთობების, შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების მხარდაჭერასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის ლიდერების ინფორმირების კუთხით,” - ნათქვამია კონტრაქტში.
ხელშეკრულების ვადები 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის განსაზღვრული.
უკანასკნელ პერიოდში აშშ-ში ორი ახალი ლობისტური კონტრაქტი დადო მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ”. "ოცნება" ამერიკულ კომპანია DCI Group-ს თვეში $33,333 დოლარს გადაუხდის, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 2020 წლის 31 ოქტომბრამდეა.
კონტრაქტის მიხედვით, DCI Group-ის მიზანს წარმოადგენს იმ სახის ინფორმაციის გავრცელება, რომ პარტია "ქართული ოცნება" საქართველოში დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის იღწვის.
"რეგისტრანტი იმუშავებს, რათა წარმოაჩინოს პარტია "ქართული ოცნება," როგორც სანდო და პრაგმატული პარტნიორი დემოკრატიისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის, რომ ის ერთგულია დასავლური ლიბერალური დემოკრატიის იდეების და საქართველო-აშშ-ის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების,"- წერია დოკუმენტში.
კონტრაქტს ხელს პარლამენტარი ირაკლი კობახიძე აწერს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ოცნებამ" აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია Hogan Lovells US LLP დაიქირავა, რომელთანაც გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება $900,000 დოლარია.