საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთის დასრულების ვადამ ერთი წლით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში არის საუბარი.
განკარგულების მიხედვით, განხორციელების ვადის გადაწევა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებულ პროექტ - “საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალ A-ს” და “საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალ B-ს” შეეხო. შესაბამისი სასესხო ხელშეკრულებები 2012 წლის 11 მაისსა და 2013 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა და ის ჯამში, საქართველოსთვის 200 მილიონი ევროს დაფინანსების გამოყოფას მოიცავდა.
ხელშეკრულების ფარგლებში სამტრედია-გრიგოლეთის დამაკვშირებელი 52-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, არის გათვალისწინებული. ამ მონაკვეთზე საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებულ კონტრაქტორ კომპანიებთან - Altcom-თან და Todini-სთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ დავა მიმდინარეობს. სახელმწიფოს ინფორმაციით, კონტრაქტორებმა სახელმწიფო 100 მილიონ ლარზე მეტად აზარალეს.
2019 წლის დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფოსგან პრობლემურ კონტრაქტორებთან სამართლებრივი დავების საწარმოებლად გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე მიიღო ნებართვა. აღნიშნული დოკუმენტიდან გაირკვა, რომ Todini-სთან დაგეგმილი დავაში სახელმწიფო "ასეულ მილიონიანი" ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა.
პროექტის მიხედვით, TODINI-ს სამტრედია-გრიგოლეთის 12–კილომეტრიანი მონაკვეთის 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 65 სწორკუთხა მილის (მიწისქვეშა გასასვლელები, საქონლის და საველე გასასვლელები) მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის მიხედვით, დავის დეტალები ასეთია:
"საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს (შემდგომში - ტოდინი) შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების (E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (კმ30+000 - კმ42+000) (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ) ფარგლებში, ტოდინის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიები სს „ასტანის ბანკიდან“. სს „ასტანის ბანკი“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. აღნიშნული დავა სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. დავა მიმდინარეობს ყაზახეთში, ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დეპარტამენტი მისი რესურსის კომპეტენციის გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა დამოუკიდებლად.
- კონტრაქტორ ტოდინს დეპარტამენტი ედავება მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. დეპარტამენტი ტოდინს ედავება ასეული მილიონის ოდენობით თანხას მიყენებული ზიანის სახით. დავა ეხება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულების შეწყვეტას, საკითხის განხილვა დავების განმხილველ საბჭოში უნდა მოხდეს საერთაშორისო არბიტრაჟის (ICC) თავისებურებების გათვალისწინებით, რომ შემდგომში წარუმატებელი არ აღმოჩნდეს საერთაშორისო არბიტრაჟში, შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული დავა აწარმოოს საერთშორისო იურიდიულმა კომპანიამ, საერთშორისო არბიტრაჟში დავის პარალელურად. დავის სპეციფიკისა და თავისებურების გათვალისწინებით, ვინდაინ დეპარტამენტს არ გააჩნია გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის წარმოების, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული დავა აწარმოოს დამოუკიდებლად,"- ნათქვამია დოკუმენტში.
მეორე დავა ეხება კომპანია Road Building ALTCOM“ LLC-ს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი I, კმ0+000-კმ 11+500) მშენებლობა) ალტკომის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საბანკო გარანტია და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (გამცემი ბანკი: Public Stock Company “Joint Stock Commercial Industrial & Investment Bank” ). აღნიშნული გარანტიების ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს დავა უკრაინის სასამართლოში. დავა შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით ცალკე სარჩელით არის აღძრული, ხოლო ავანსის უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით ცალკე სარჩელით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება არის 6 785 343 ევრო, ხოლო ავანსის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება არის 18 388 910.51 ევრო”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ვადის გადაწევასთან ერთად, გადავადდება საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების საქართველოში ჩამორიცხვაც.
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს უბრანული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაციაა. ამ მიმართულებით EIB-ის მიერ გამოყოფილი სასესხო პორტფელი €1,159,450,000-ს შეადგენს.