მთავრობამ ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი თითქმის 400 მლნ კვტსთ-ით გაზარდა. კერძოდ, 2023 წლის აპრილში მთავრობა ელექტროენერგიის ექსპორტს ივლისის ჩათვლით პროგნოზირებდა და ელოდა, რომ ჯამურად 1001,9 მლნ კვტსთ-ს მიაღწევდა.
18 აგვისტოს კი ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და ექსპორტის წლიური მაჩვენებელი 2023 წელს 1404,3 მლნ კვტსთ-მდე გაზარდა. მთავრობის პროგნოზით, ელექტროენერგიის ექსპორტი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 21.4%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 756.5 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. უშუალოდ ივნისში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა 350.5 მლნ კვტ.სთ-მდე გაზარდა. ჯამში იანვარ-ივნისში თურქეთში 606 მლნ კვტს სთ-მდე მოცულობის ელექტროენერგია არის გატანილი, ანუ ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი თურქეთზე მოდის.
ამასთან, ექვს თვეში ელექტროენერგიის ექსპორტისგან ქვეყანამ 52.3 მლნ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.