მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ქარის, მზის და ჰიდროენერგიის პროექტებზე იმსჯელა - ვინ არიან ინვესტორები?

63a98f744d9fa
ინგა მურუსიძე
26.12.22 16:15
749
საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 153 მეგავატზე მეტია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის შესახებ "საქართველოს მთავრობასა და შპს "ვინდ ფარმს“ შორის "ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობასა და შპს "ვინდ ფარმს“ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს "ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. პროექტის განხორციელება იგეგმება კასპის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 173,5 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 59,4 მლნ. აშშ დოლარი.

სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს "იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 28 მლნ.კვტ.სთ. საპროექტო ღირებულება კი 4,389 მლნ. აშშ დოლარი.

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი. ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 86,935 მლნ. აშშ დოლარი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ხელშეკრულება, რომელიც კომპანია „მასდართან“ გაფორმდა. მისი თქმით, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

„დღეს რამდენიმე ჰიდროელექტროენერგეტიკული პროექტის განხილვა გვქონდა. იცით, რომ მთავრობა იწონებს ხელშეკრულებებს განახლებადი ენერგიების პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს ხოლმე 3 ეტაპად, ეს არის კონცეფციის ეტაპი, შემდგომში არის დეტალური შესწავლის და სამშენებლო ეტაპები. ჩვენ რამდენიმე პროექტი უკვე განხილული გვქონდა, რამდენიმე პირველად წარვადგინეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საკმაოდ საინტერესო ჰიდროენერგეტიკული პროექტი წარვადგინეთ მთავრობაზე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მზის ენერგეტიკის პროექტი.

ეს არის დაახლოებით 100 მეგავატამდე სიმძლავრის საკმაოდ მსხვილი პროექტი, რომელიც ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად განხორციელდება არაბეთის გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო კომპანია „მასდართან“ ერთად, რომელსაც განსაკუთრებული სპეციალიზაცია გააჩნია ენერგოსექტორში. ეს იქნება დაახლოებით 96 მეგავატი სიმძლავრე, თითქმის 100 მლნ დოლარამდე ინვესტიცია, რომელზეც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულება, წინასწარი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოხდა ტარიფის დაზუსტება, ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რამდენიმე შეხვედრა მე მქონდა პირადად ინვესტორ კომპანიასთან, ეს არის გლობალურად ყველაზე ცნობილი ინვესტორი, განსაკუთრებით განახლებად ენერგიებში, მათ შორის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აქტიურად აპირებს ინვესტიციების განხორციელებას, დაწყებული აქვს პროექტები და საქართველოში ამ პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ინვესტორის შემოყვანის წინაპირობა. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ: მთავრობის გაცხადებული გეგმით, მომდევნო სამ წელში ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. გარდა ამისა, ღარიბაშვილის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ დაფინანსების ახალი, ე.წ. CFD-მექანიზმით, საქართველოს ჯამში 1500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები