მოსაკრებლის გაძვირებით საქართველოს სატრანსპორტო დერეფნიდან შემოსავლის ათობით მილიონი ლარით გაზრდა შეეძლება.
საქართველოს ყოველდღიურად 900-ზე მეტი ტრაილერი კვეთს. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.
2022 წლის პირველ 4 თვეში კი ტრანზიტული სატვირთოების რაოდენობა 116,000-ს აჭარბებდა, ბიუჯეტში შესული გადასახადი კი 23.2 მილიონი ლარი იყო. თუკი წელს ტრაილერების რაოდენობის მატების წინა წლის ტრენდი (7%-ის ზრდა) შენარჩუნდება, მაშინ ქვეყანას სულ 355,000 ტრაილერი გადაკვეთს, მათგან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 90 მილიონი ლარი იქნება. 2023-ში კი ჯამური შემოსავალი სავარაუდოდ 130 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
2010 წელს, როდესაც 200 ლარის ღირებულების მოსაკრებელი ამოქმედდა ეს თანხა $120 დოლარის ეკვივალენტი იყო. დღეს კი 200 ლარი მხოლოდ 67 დოლარია. შესაბამისად 350 ლარამდე ამ მოსაკრებლის გაზრდა მის კვლავ $120-მდე (118 დოლარამდე) გაზრდას ნიშნავს.
დანიშნულების ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ტრაილერი სომხეთისკენ მიემართება, შემდეგ არის აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი.
