როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სექტორს. მისი თქმით, 915-ე ქვეთავით განსაზღვრული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისათვის განკუთვნილი გზის პარამეტრები იმდენად დიდი იყო, რომ კერძო სექტორის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების 70% ამ პარამეტრებს ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებდა.
“უნდა შექმნილიყო შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ, შენობამდე მისასვლელ გზას, თუმცა ეს შემოთავაზებული მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ დღევანდელი მოცემულობით, 70-80% მიწის ნაკვეთები, რომელიც დღეს დეველოპერებს აქვთ, შეიძლება პოტენციურად გამოსადეგი გამხდარიყო და შეექმნა სირთულეები.
გარდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისათვის განკუთვნილი გზის პარამეტრებისა, გადავადდა 75 მეტრზე მაღალი შენობების სახურავზე ადამიანთა ევაკუაციის მიზნით შვეულმფრენისთვის შესაბამისი კაბინის მოედნის მოწყობის ვალდებულებაც.
ახალი სამშენებლო კოდექსის თანაავტორი, კობა ყალიჩავა ამბობს, რომ 41-ე დადგენილებას არაერთი ნაკლოვანება აქვს, რის გამოც ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში დგება. მისი თქმით, 41-ე დადგენილება ამერიკული სამშენებლო ნორმის უხარისხოდ ნათარგმნი ქართულენოვანი ვერსიაა, რომელსაც შენობა-ნაგებობის პროექტირება/შეთანხმებისას უსაფრთხოების საკითხები უნდა უზრუნველეყო. თუმცა ყალიჩავას თქმით, აღნიშნული დადგენილება კერძო სექტორისთვის დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების წარმოქმნის წინაპირობა გახდა.
“ბოლო პერიოდში მივიღეთ წესების არა გამკაცრება, არამედ გართულება. გამკაცრება არის, როცა უსაფრთხოების თვალსაზრისით რაღაც შედეგი ექნება რეგულაციას. ამ შემთხვევაში 41-ე დადგენილებას ეს შედეგი არ აქვს. აქ უფრო არის პროცესების გართულება.
მთავარია, რაც დადგენილებაში წერია, ის ვალდებულება პროექტში შესრულებულად წარმოჩინდეს, შემდგომ ის იმუშავებს თუ არ იმუშავებს, ექნება ეფექტი თუ არა, ამაზე არავინ არ ფიქრობს. წლების მერე აღმოჩნდება, რომ ბიზნესს ტყუილად ვახარჯინებდით ამხელა თანხას და შეიძლებოდა უფრო მარტივად, ეფექტიანად და შედეგიანად ამ საქმის გაკეთება”, - ამბობს კობა ყალიჩავა.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აანონსებენ, ამ პერიოდში სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეირჩევა მაღალი რეპუტაცის მქონე საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს, რომელიც თანხვედრაში იქნება და გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეს სტანდარტი კი თავის მხრივ, უსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად დეველოპერული საქმიანობის შეუფერხებელ წარმოებას უზრუნველყოფს.