სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წელს 1780 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და შედეგად, 271 მლნ ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა.
როგორც bm.ge-ს ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 159 755 975 ლარი შევიდა.
ცნობისთვის: პრივატიზაციის წლევანდელი გეგმა 350 მლნ ლარია.
აღსანიშნია, რომ 271 მლნ ლარის ღირებულების უძრავ ქონებას შორის, რომლის გაყიდვაც ქონების სააგენტომ შეძლო, 6 სახელმწიფო საწარმოა და მათი პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 3 253 539 ლარის შემოსავალი შევიდა.
ეს საწარმოებია:
• შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი; • სს „მცხეთის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 372 ცალი აქცია;
• „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის“ 100%-იან წილი;
• შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილი;
• სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 27 246 ცალი ჩვეულებრივი აქცია.
• სს „ხაშურის მინის ტარას“ (ს/ნ 243855734) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 633 211 ჩვეულებრივი აქცია.
„შედეგად კერძო სექტორში გადატანილი სახელმწიფო აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 3,253,539 ლარი შეადგინა“, - აცხადებენ სააგენტოში.
მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საპრივატიზებოდ დამატებით 5 სახელმწიფო საწარმოა მომზადებული.