მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - დარჩენილია ხუთი დღე

64997b9011bc9
თინათინ ნატმელაძე
26.06.23 15:55
526
ენერგეტიკული ბირჟის გახსნამდე ხუთი დღე დარჩა, თუმცა სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს მისი სრულად ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდეს.

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა Bm.ge-ის კითხვის პასუხად დღეს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სამზადისის პროცესში არიან და თუ მთავრობა განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბირჟა პირველი ივლისიდან გაიხსნება.

"ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რაზეც როგორც პარტნიორებთან, ისე საზოგადოებასთანაც ძალიან ხშირად გვქონია საუბარი. დღესაც გვქონდა პროცედურულ საკითხებში ცვლილებები მთავრობაზე გატანილი, ეს ბირჟის წესებში ვაჭრობის კონკრეტულ ელემენტებს ეხებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო იმპორტულ ელექტროენერგიასთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იმპორტს ახორციელებს", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

დავითაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, შესაძლო რისკები თავიდან აირიდონ, ამიტომ ყველა უწყებასთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

"ვცდილობთ, რომ ავიცილოთ ყველა რისკი და გაუთვალისწინებელი ფაქტორები უარყოფითად არ მოქმედებდეს როგორც მომხმარებლებზე, ისე გენერაციაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამოქმედება იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და უპრობლემო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ბოლოს 1 მაისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ის კიდევ ერთხელ გადაავადეს და ამოქმედების თარიღად პირველი ივლისი განსაზღვრეს. მთავრობაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ივლისში საბალანსო ენერგოობიექტები თითქმის სრული დატვირთვით იმუშავებენ, რაც ახალ სისტემაზე გადასვლისას გარკვეულ რისკებს დააზღვევს.

აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება უკვე ხუთჯერ გადავადდა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები