რა არის ის რეფორმები, რაზეც მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეყოფა უნარი, მიიღოს კონკრეტული შედეგები? - ამ შეკითხვას BMG-სთან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, აჰმედ ლევენტ იენერმა უპასუხა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს უნარი განახორციელოს რეფორმები. თუმცა, იენერმა ისიც აღნიშნა, რომ ეს რეფორმების დიდი პაკეტია და საქართველო ამ ერთი პროგრამით [ადამიანური კაპიტალის პროგრამა] ვერ ამოწურავს თავის სრულ პოტენციალს.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.
„პროგრამა უნდა გაგრძელდეს. ადამიანური კაპიტალის განვითარება მანდატი ხდება ყველა მთავრობისთვის, ამ მთავრობისთვისაც და შემდეგი მთავრობისთვისაც. შედეგები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამით და რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობასაც გავუზიარეთ, უფრო ფართო საზოგადოებასაც და განვითარების პარტნიორებსაც – ჩვენს ადამიანური კაპიტალის მიმოხილვაში – ეს დოკუმენტი წარმოადგენს ხედვას, რომელიც დროში უნდა გაიწეროს და გაგრძელდეს“, - განაცხადა აჰმედ ლევენტ იენერმა და დასძინა, რომ ეს რთული იქნება მთავრობისთვის, „მას მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება“.
რაც შეეხება თავად რეფორმებს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება რეფორმები, რომლებიც სამი მიმართულებით გაამახვილებენ ყურადღებას: ხარჯების ეფექტიანობა, ინკლუზიურობა და დაკავშირებადობა, რაც მისივე თქმით, ამ პროგრამის განხორციელებისთვის საკვანძო იქნება.
„სამივე ამ მიმართულებით გაწერილია კონკრეტული შედეგები – მაგალითად: ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი ფორმულა დაეხმარება სკოლებს, უფრო ეფექტიანად გაანაწილონ მათთვის გამოყოფილი დაფინანსება; ეფექტიანობის გაზრდა ჯანდაცვაში შესაძლებელია აგრესიული რეფორმის გატარებით პირველადი ჯანდაცვის სექტორში – პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებით – რომ შემცირდეს მომავალში, მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმართულებით, გაუმჯობესებული ფორმულა დაეხმარება მთავრობას, ზუსტად მოახდინოს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება; ინკლუზიურობის მიმართულებით – სოფლად და მთაში მცხოვრებ მეტ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს წვდომა ბაღებზე, სადაც მათ უკეთესი განათლება, უკეთესი კვება და უკეთესი გარემო ექნებათ. ინკლუზიური ნაბიჯების გადადგმა საჭიროა ჯანდაცვის სექტორშიც – ეფექტიანობამ უნდა შეამციროს ჯიბიდან გადახდები და გააფართოვოს სარგებელი. ციფრული გადაწყვეტები, სკოლების დონეზე, დაეხმარება მოსწავლეებს, გააუმჯობესონ ციფრული უნარები, აღიჭურვონ იმ უნარებით, რაც სამომავლოდ, შრომით ბაზარზე გამოადგებათ“, - განმარტა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსება ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. აღნიშნული კრედიტი იქნება გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება ქვეყნისთვის.