მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად მერია DOPPELMAYR-ს 1.85 მლნ ევროს გადაუხდის

600033326cf5e
შოთა ტყეშელაშვილი
14.01.21 16:09
992
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელის თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად კომპანია DOPPELMAYR-ს დამატებით 1.85 მილიონ ევროს, ანუ 7.4 მილიონ ლარს გადაუხდის. ავსტრიულმა კომპანიამ ამ თანხით თბილისში საბაგიროს მოწყობისთვის სხვადასხვა სახის საინჟინრო სამუშაო უნდა შეასრულოს. 

ეს საბაგიროს მშენებლობის ძირითადი ხარჯები არაა, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული აქვს კიდევ ერთი - 7.4-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საბაგიროს ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობას ეხება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 18 იანვარს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საბაგიროს პროექტი მომდევნო 15 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა. 

2012 წელს გაფორმებული კონტრაქტით საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია და მასში 4 მილიონი ევრო არის გადახდილი. თუმცა აღნიშნული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში ინახება.

პროექტის განსაკუთრებული გაჭიანურება რუსთაველის გამზირზე საბაგიროს ადგილმდებარეობის ცვლილებას უკავშირდება. 
თავდაპირველად საბაგიროს ქვედა სადგური სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა 2016 წელს დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა. 

დედაქალაქის მერიამ საბაგიროს სადგურის ასაშენებლად, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარედ არსებული 11 საცხოვრებელი ფართის ტერიტორია უკვე გამოისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები