დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიას, აღიარებს, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და ჩვენი ქვეყნისთვის ღვინო არის სავიზიტო ბარათი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, გურჯაანში განაცხადა, სადაც ღვინის ფესტივალს დაესწრო.
„დიდი პატივია ამ ლამაზ ღონისძიებაში მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეორე კვირაა უკვე მიმდინარეობს „ღვინის დღეები“. 26 ქალაქში გაიმართა ძალიან ლამაზი ღონისძიება და დღეს უკვე გურჯაანში აღინიშნება. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ სექტორს და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და გაძლიერდება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიას.
აღიარებს, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და ჩვენი ქვეყნისთვის ღვინო არის სავიზიტო ბარათი. წლების განმავლობაში აქტიურ პოლიტიკას ვახორციელებთ თქვენთან, მევენახეებთან, მეღვინეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ღვინოს გავუწიოთ პოპულარიზაცია მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ჩვენს ღვინის მწარმოებლებს, ექსპორტიორებს 70-მდე ქვეყანაში გააქვთ ღვინო და ეს გეოგრაფია და ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის, ამ თანმიმდევრული, ყველას ერთად მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგი“. - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გურჯაანში ღვინის დღეების ფარგლებში ჩატარებულ ფესტივალში 200-ზე მეტმა მცირე მეწარმემ, ღვინის ქარხანამ და მარანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი, პრემიერ მინისტრის ინიცირებული ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართა და მისი ოფიციალური პარტნიორია „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC).
ფესტივალის მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე ფესტივალს კერძო სექტორის წარმომადგენლები უჭერენ მხარს.